ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გადაიდო

ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ახმედ ჩატაევის დაგეგმილი პროცესი გადაიდო.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ სხდომა ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო გადადო, თუმცა გადადების შუამდგომლობის დაყენებას ახალი პროკურორი ლევან ძნელაძეც ითხოვდა იმ მოტივით, რომ საქმეში გუშინ ჩაერთო და მასალებს არ იცნობდა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, ახმედ ჩატაევი, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, საბადრაგო სამსახურმა არ წარმოადგინა და შესაბამისად, სხდომას ბრალდებულის გარეშე ვერ ჩაატარებდა.

ჩატაევის საქმეზე მორიგი სხდომა 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

პროცესის გადადებამ უკმაყოფილება გამოიწვია როგორც სხდომაზე დამსწრეებში, ისე ჩატაევის ადვოკატებშიც. ადვოკატ ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, „სხდომის გადადება მიზანმიმართულად და შეგნებულად მოხდა".

„ცდილობენ საქმე გააჭიანურონ. იუსტიციის მინისტრის ის განცხადება, რომ მას ჩატაევის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ეს პროკურორებზე ზეწოლაა, რომ ჩატაევი არ გაუშვან. მინისტრი კანონს არღვევს. არცერთ თანამდებობის პირს, მითუმეტეს იუსტიციის მინისტრს არ აქვს უფლება, პროკურორების საქმიანობაში ჩაერიოს. ჩატაევის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე არავითარი მტკიცებულება არ არსებობს"- განაცხადა ადვოკატმა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში 7 სექტემბერს განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი იქნა ლიკვიდირებული. ახმედ ჩატაევიც სწორედ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ედება, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამასთან, ახმედ ჩატაევი უკრაინაში ორი წლის წინაც დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადირება მოითხოვა. ჩატაევს რუსეთში ტერორიზმსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ.

ჩატაევის ექსტრადაცია რუსეთმა საქართველოსაც მოსთხოვა, თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ქართული მხარე ჩატაევის გადაცემას არ აპირებს.