მიხეილ სააკაშვილი: ახალი მთავრობის მხრიდან, კუნთებით თამაშის მოკლევადიან მცდელობას აქვს ადგილი

მიხეილ სააკაშვილი: ახალი მთავრობის მხრიდან, კუნთებით თამაშის მოკლევადიან მცდელობას აქვს ადგილი

ახალი ხელისუფლების მხრიდან „კუნთებით თამაშის მოკლევადიან მცდელობას" აქვს ადგილი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Wall Street Journal-ს განუცხადა.

The Wall Street Journal კატია გორჩინსკაიასა და ჯეიმს მერსონის სტატიას სათაურით „საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიას, ამბობს მიმავალი ლიდერი" აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალ მთავრობას მოუწოდებენ, პროდასავლელი სააკაშვილის მოკავშირეების ბოლოდროინდელი შერჩევითი დევნა შეწყვიტოს.

„ათზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჩათვლით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ივანიშვილის კოალიციამ არჩევნების გზით სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა. სააკაშვილი ივანიშვილთან ძალაუფლებას მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაიზიარებს. ორი ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი კენჭს ვეღარ იყრის. 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო, დაახლოებით 4,5 მილიონი მოსახლეობით, დასავლეთის ერთგულ მოკავშირედ აქცია და დემოკრატიული ნაპერწკალი გააღვივა იმ რეგიონში, სადაც ავტორიტარი მმართველები დომინირებდნენ, მაგრამ ეს დაჭერები იმის საშიშროებას ქმნის, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად უკან დაიხევს, უკრაინისა, რომლის ევროპასთან ინტეგრაციაც, ფაქტობრივად, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი დააპატიმრეს“ - წერს The Wall Street Journal და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისმა მთავრობამ მაღალი დონის დემოკრატიული სტანდარტები დაამკვიდრა და ამ გზიდან არც ახალი მთავრობა გადაუხვევს.

„ეს კუნთებით თამაშის მოკლევადიანი მცდელობაა, ახალი მთავრობის მხრიდან იმის დემონსტრირება, აი, როგორი ძლიერები ვართო, მაგრამ ეს არ იმუშავებს. ხალხი ახალ მთავრობას დაპირებების შესრულებას მოსთხოვს" - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.