თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატის  გიორგი ონიანის განცხადებით, გუნავა პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

„მოგეხსენებათ,  რომ მისთვის პირველად წაყენებული ბრალის მტკიცებულებები გაბათილდა, იმდენად ცუდად იყო შეკერილი საქმე. გუნავა ყველაფერს პირდაპირ ამბობს და აცხადებს, რომ მის მეგობარს ბაჩო ახალაიას მხარში უდგას, ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ ყველა ხერხი გამოიყენონ, რომ როგორმე ციხეში ჩასვან. ახლა მათ დაიწყეს უკვე, რაღაც ახალი საქმის გამოძიება, რაც გუნავას ძველ საქმიანობას ეხება, თუმცა კონკრეტულად რა საქმეა, ამ დროისთვის უცნობია“, - განაცხადა ონიანმა.

მისივე თქმით, გუნავა მითითებულ დროს პროკურატურაში აუცილებლად გამოცხადდება.

„აუცილებლად მივა და ის კი არა შესაძლოა, ამ ადამიანმა განცხადება გააკეთოს, რომ ბოლოსდაბოლოს წაუყენონ ბრალი და ციხეში ჩასვან, რადგან ამ უაზრო პროცედურებით ძალიან დაიღალა“,  -  განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის,  შსს-ს გენინსპექციის უფროსი თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო უკვე იყო დაკავებული. საქალაქო სასამართლომ კი, მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ მისი დაკავება და ბრალის წაყენება კანონდარღვევით მოხდა. ის ირწმუნება, რომ დაკავებისას მას იარაღი ჩაუდეს და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხის დალევა აიძულეს.

ის იმედოვნებს, რომ ყველა ის პირი, რომელმაც ამ სიბინძურეში მიიღო მონაწილეობა, უმკაცრესად დაისჯება, რის გამოც პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.