კონფლიქტოლოგმა გოგი ხუციშვილმა საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ერიკ რუბინის ვიზიტის და მის მიერ, გაკეთებული განცხადებების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, „გვჯერა, რომ უკეთესი ურთიერთობები საქართველოს საზღვრებზე მიღწევადია. რეგიონში არ არსებობს მიდგომა „ყველაფერი ან არაფერი“ და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრის მცდელობას, გააუმჯობესოს ქვეყნის ურთიერთობები რეგიონის ყველა ქვეყანასთან. შევეცდებით, ამ ყოველივეს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ჟენევაში“ განაცხადა, რომ მისასალმებელია, რომ დასავლელი მაღალჩინოსანისგან ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ახალი ხელისუფლების მცდელობა აღინიშნა.
„ყველაძე ძნელი მიმართულება, რომელიც ახალ ხელისუფლებას აქვს აღებული, ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დარეგულირება და კონფლიქტის ზონებში, რაღაც ნდობის შენებაა. ამას პრაქტიკულად, წინა ხელისუფლება ბოჭავდა, რადგან აგვისტოს ომის შემდგომ, მდგომარეობის გაყინვა ორივე მხარეს - პუტინს და სააკაშვილს აწყობდა, მაგრამ ახლა, სხვა ვითარებაა.
ის, რაზეც ჩვენ ამერიკელები და ევროპელები მოგვიწოდებნენ, რომ აუცილებელი იყო რუსეთს დავლაპარაკებოდით, ამ მხრივ, ნაბიჯები გადავდგით. მართალია, რუსეთის მხრიდან რეაქცია არაა ისეთი, როგორიც შეიძლება ითქვას, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ყოველშემთხევაში, ის რომ მოიხსნა მტრული რიტორიკა და ის დაბრკოლებები, რაც ხელოვნურად იყო, ეს მნიშვნელოვანია.
მართალია, სერიოზული პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი მოსკოვთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო, ურთიერთობები უნდა გაიყინოს. ის, რომ ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ამის გამო ურთიერთობები და დიალოგი, არც რუსეთთან, არც სოხუმთან და არც ცხინვალთან არ უნდა გაიყინოს“, - განაცხადა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ეს პოზიცია დასავლეთის მიერ, დადებითადაა აღქმული.
მისი თქმით, ურთიერთობის დათმობა შეიძლება მოხდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში, ასეთი პერქპეტივა არ არსებობს.
„ეს ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. აქ, საჭიროა, შეცდომები არ დავუშვათ და ამ სამი მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.