„სამართლიანი არჩევნები“ მარტვილის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოხატავს

„სამართლიანი არჩევნები“ მარტვილის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოხატავს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ აქვს ადგილი ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე უკანონო ფორმებით“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 ნოემბერს გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

„აქციამ კანონსაწინააღმდეგო  ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, რამაც გამგეობის მუშაობის პარალიზება, ხოლო ინვენტარის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, შენობის პირველ სართულზე ჩაიმსხვრა მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი მოქალაქეებმა გამგეობის შენობიდან გადმოაგდეს. აქციის მონაწილეების მიერ შენობის დატოვება პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ახდენენ გამგეობის შენობის  შესასვლელის ბლოკირებას“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ გმობს ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების  გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.

„ამასთანავე, ქვეყანში შექმნილი ვითარება მთელი სიმწვავით წარმოაჩენს თვითმმართველობის სფეროში გასატარებელი რეფორმის აუცილებლობას. მიგვაჩნია, რომ მერებისა და გამგებლების არჩევითობა გაზრდის მოქალაქეთა ნდობას არჩეული თვითმმართველობის თანადებობის პირთა მიართ და მომავალში მსგავსი კრიზისების თვიდან აცილებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნულია განცხადებაში.