სოლომონ ნოზაძე: სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსი არაკვალიფიციურობამ აბსურდამდე მიიყვანა

სოლომონ ნოზაძე: სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსი არაკვალიფიციურობამ აბსურდამდე მიიყვანა

გამომცემლობა „დიოგენეს“ წარმომადგენლები სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში გამოკვეთილ ტენდენციურობაზე საუბრობენ.

როგორც დღეს for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამომცემლობა „დიოგენეს“ საგანმანათლებლო მიმართულების რედაქტორმა სოლომონ ნოზაძემ განაცხადა, თავდაპირველად პროცესი სწორად წარიმართა, თუმცა მალე, მან ფორმალური ხასიათი მიიღო.

„3 წლის წინ დაიწყო ახალი ექსპერიმენტი - გამოცხადდა კონკურსი არა ცალკეულ სახელმძღვანელოზე, არამედ სახელმძღვანელოთა სერიებზე. მანამდე კონკურსები ცალკე აღებული კლასის სახელმძღვანელოებზე ტარდებოდა. ეს იმდენად სწრაფ ტემპში უნდა მომხდარიყო, რომ გამომცემლობები ვერ ახერხებდნენ სრულფასოვანი პროდუქცია დაედოთ და ამის გამო იგი სრულყოფილი არ იყო. ფატობრივად, ჩვენ ვაბარებდით ნახევარფაბრიკატებს და შემდეგ ხდებოდა მისი გასწორება. როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ხელმძღვანელად ნათია ჯოხაძე მოვიდა, მან წამოაყენა იდეა, რომ სახელმძღვანელოები ყოველ წელიწადს არ უნდა გამოსულიყო და თითოეული სახელმძღვანელოსთვის უნდა გამოყოფილიყო მეტი დრო, რათა გამომცემლობებს მოესწროთ წიგნზე მუშაობის დასრულება და ექსპერტებსაც სათანადოდ შეეფასებინათ იგი. მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლობებს სულაც არ აწყობთ მსგავსი პროცესი და ურჩევნიათ წიგნები ყოველ წელს გამოუშვან (რადგან ეს მათთვის ფინანსურად მომგებიანია) რეალურად, ეს იყო საღი წინადადება“ - განაცხადა სოლომონ ნოზაძემ.

მსივე თქმით, ამის შემდეგ სრულიად გაუგებარი რამ მოხდა, რამაც სახელმძღვანელოთა გრიფირების კონკურსი აბსურდად აქცია.

„ერთი თვის შემდეგ დაგვიბარეს და გვთხრეს, რომ კონკურსი გამოცხადა არა პირველი ან მეორე კლასის წიგნებზე, არამედ 1-დან მე-6 კლასის ყველა წიგნზე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა კლასის წიგნი უნდა დაგვეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც შევიტანდით განაცხადეს. ეს იყო აბსურდი. გამომცემლობები მანამდეც ვერ ასწრებდნენ 6 თვეში 1 წიგნის დაწერას , ახლაც გამოვიდა, რომ იმავე დროში ავტორებს უნდა დაეწერათ 6 სახელმძღვანელო“ - აღნიშნა სოლომონ ნოზაძემ და დასძინა, რომ სახელმძღვანელოთა გრიფირების წესის აღნიშნულმა ცვლილებამ აზრი დაუკარგა კონკურსის ჩატარებას.

მან სახელმძღვანელოთა შეფასების წესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, სახელმძღვანელოები ცალ-ცალკე ფასდებოდა. სიმონ ნოზაძის განმარტებით, თუ გამომცემლობის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასის სახელმძღვანელო გამსვლელ ქულას მიიღებდა, ხოლო მე-5 კლასის სახელმძღვანელოს 2 ქულა დააკლდებოდა, მთელი სერია ვარდებოდა.

„ამასთან, აიწია გამსვლელმა ქულამ და 50%-დან 90%-ზე ავიდა. ქულების 91% უნდა დაგეგროვებინა, რომ გამსვლელი ქულა მოგეპოვებინა. ეს იყო სრული აბსურდი. ჩვენ ვერ ვახერხებდით 1 წიგნი დაგვეწერა წლის განმავლობაში. ახლა კი უნდა დაგვეწერა 6 წიგნი იმავე დროში, რომელიც გადალახავდა 90%-იან ბარიერს. ბარიერის აწევა ერთი შეხედვით კეთილშობილური იყო, რათა რაც შეიძლება ხარისხიანი წიგნები გასულიყო. სინამდვილეში, ამაში ჩადებული იყო მარტივი ეშმაკობა - როდესაც 50%-ანი ბარიერი იყო გამსვლელი, შეგეძლო მეტი პრეტენზია გქონოდა, როცა მაგალითად 43%-ს დაგიწერდნენ. როცა 90% გაქვს გადასალახი, ასეთ შემთხვევაში რა პრეტენზია უნდა გქონდეს“ - აღნიშნა სოლომონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, კონკურსის პროცესს ფარსად ხდიდა ის ფაქტიც, რომ ცალკეული გამომცემლოებების სახელმძღვანელოებს, ექსპერტთა სხვადასხვა ჯგუფები ამოწმებდნენ და მათ შედარების საშუალება არ ჰქონდათ.

ამასთან, სოლომონ ნოზაძემ ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტთა ჯგუფის შერჩევის პროცესს და მათი კომპეტენტურობის საკითხს.

„დიოგენეს“  ქართული ენის სახელმძღვანელოს რომ ერთი ჯგუფი აფასებდა, „ინტელექტის“ სახელმძღვანელოს სხვა ჯგუფი აფასებდა. არ არსებობდა არცერთი ექსპერტი, რომელიც იცნობდა ყველა წიგნს ან უმრავლესობას, ანუ შედარების საშუალება არ არსებობდა, რაც იყო კურიოზი და წარმოუდგენელი რამ. რაც შეეხება ექსპერტების არჩევას, ეს არვინ იცის და გასაიდუმლოებულია. თუმცა, ვიცი, რომ ისინი შემთხვევით იყვნენ შერჩეული. რადგან ინტერესი არ არსებობდა, ვინც მონახეს ისინი შეკრიბეს“ - განაცხადა სოლომონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი სისტემის საშუალებით, ადვილად ხდებოდა რომელიმე გამომცემლობის სახელმძღვანელოთა შეგნებული „ჩაგდება“ ან გაყვანა.

ამასთან, სოლომონ ნოზაძის განცხადებით, არსებობდნენ ისეთი პრივილეგირებული გამომცემლობები, რომელთა წიგნებსაც, დაწერამდე კონკურსი იკვე გავლილი ჰქონდათ.

„მაგალითად, გამომცემლობა „მერიდიანი“ რომელიც იყო ერთი ჩვეულებრივი გამომცემლობა, უცებ გადაიქცა მონსტრად, რომლის ყველა წიგნი კონკურსს გადის. რეალურად ვინ დგას ამ გამომცემლობის უკან, უცნობია“- აღნიშნა მან.

გარდა, შესაძლო შესაძლო დანაშაულებრივი სქემებისა, „დიოგენეს“ წარმომადგენლები ხელმძღვანელ პირთა არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირება ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით მოხდება.