პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება. პარტიაში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ ქვეყანაში უსამართლობა დაამკვიდრა, ხოლო საპყრობილეებში ათეულობით პოლიტიკური პატიმარი იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ციხეებში დღემდე რჩება 2011 წლის 26 მაისს უკანონოდ დაპატიმრებული 44 ადამიანი, საპყრობილეებში ასევე რჩება რამდენიმე ათეული პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჩვენი თანამოქალაქე და როგორც არ უნდა ეცადოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ პოლიტპატიმრების სიაში რაიმე ხარვეზი აღმოაჩინოს, თავად ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტი, ქვეყანაში არსებულ უკლებლივ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციასთან და ცალკეულ ადვოკატებთან ერთად ამ საკითხს განიხილავს, უკვე ადასტურებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რეალურ არსებობას.
ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან ძნელად იღებენ გადაწყვეტილებას ადამიანისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე, წლების მანძილზე, პოლიტიკურ თავშესაფარს, სწორედ „ნაციონალური ხელისუფლების“ პერიოდში სამშობლოდან გაქცეულ ათობით საქართველოს მოქალაქეს აძლევდნენ.
ბოლო წლების მანძილზე რეჟიმის ციხეები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ გუანტანამოს ცნობილ საპყრობილეს და ამის დამადასტურებელმა კადრებმა შეძრა ცივილიზებული მსოფლიო, გამოიარა ათასობით უდანაშაულო ადამიანმა.
აღნიშნულის ფონზე, უტიფრობაა ყოფილი პრემიერმინისტრის - ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა არ ხდებოდა.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“, რომელმაც დაარსების დღიდან ჩვენს თავზე გადავიტანეთ სააკაშვილის რეჟიმის უპრეცედენტო ტერორი ცილისწამება და რეპრესიები, ვეკითხებით ვანო მერაბიშვილს:
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, როდესაც 2 თვის დაარსებული პარტიის - “დემოკრატიული მოძრაობის” უდანაშაულო წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი უკანონო დაპატიმრებები დაიწყო მთელს საქართველოში?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, როდესაც 2009 წელს ჩვენი პარტიის წევრებს აბაზანებსა და ბავშვის ოთახებში „აღმოუჩინეთ“ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, ხელყუმბარები და ცრუ ბრალდებებით დააპატიმრეთ რამდენიმე ათეული ადამიანი, ხოლო ბრალდებები იმდენად უსუსური და მოგონილი გახლდათ, რომ სააკაშვილის სასამართლომაც კი ვერ მოახერხა მათთვის 6 თვიან პატიმრობაზე მეტის მისჯა, თუმც საერთონაციონალური არხებით მათ სახელმწიფო გადატრიალებაში სდებდით ბრალს?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა ის, რომ ყველა ბიზნესმენი, რომელიც ჩვენს პარტიას დაეხმარა ან ქვეყნიდან გააქციეთ ან დააპატიმრეთ?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, როდესაც შ.ს.ს-ს კორპორატიული სატელეფონო ნომრებიდან, წლების მანძილზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და ზარებით მიმდინარეობდა ჩვენი წევრებისა და აქტივისტების, მათი ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების, დაშინება, დატერორება და ცილისწამება?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა ის, რომ საპროტესტო აქციებზე გამოსული ადამიანების იდენტიფიცირებას ვიდეოკადრების საშუალებით ახდენდით, შემდეგ იბარებდით ამ ადამიანებს ატერორებდით, აშინებდით და საუკეთესო შემთხვევაში სამსახურებიდან ათავისუფლებდით.
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, 2010 წელს თქვენს მიერ მართულ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული, ყველასათვის ცნობილი „მოდელირებული ქრონიკა“, როდესაც “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სამშობლოს გამყიდვლად და რუსული ტანკების წინამძღოლად შერაცხეთ და სწორედ ამ ცილისწამების რეალიზებასა შეეცადეთ 2011 წელს “სახალხო კრების” აქციების მთელ წინა პერიოდში ფალსიფიცირებული აუდიოჩანაწერებითა და მოდელირებული ვიდეორგოლრბით?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, 2010 წელს ხურვალეთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შესახვედრად ჩასული „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარისა და მთავარი საბჭოს წევრებისათვის დახვედრებული ზონდერბრიგადები, რომლებიც ცემითა და ქვების სროლით გაგვისწორდნენ, ამ ყველაფერს 200 მეტრის მოშორებით მშვიდად უყურებდნენ პოლიციელები და არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული თქვენს მიერ ამ ფაქტის გამოძიებაზე უარის თქმა?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, 2011 წლის 18 – 25 მაისს ნაციონალური ხელისუფლების მიერ „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებისა და მომხრეების უკანონო, მასიური დაპატიმრებები და მათი ქონების გატაცება, როდესაც პოლიციის თანამშრომლები ადამიანებს პირდაპირ ოჯახებში უვარდებოდნენ და იტაცებდნენ.
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, თავად 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, ჩვენთვის პოლიციელის მკვლელობის დაბრალება და ამ საზარელი ფაქტის რეალურ გამოძიებაზე უარის თქმა ლ.სამხარაულის სახელობის სახელმწიფო საექსპერტო ბიუროს ყველასათვის ცნობილი დასკვნის შემდეგაც კი, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ იქ არანაირი ავტროავარია არ მომხდარა?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, 26 მაისის შემდეგ “სახალხო კრებისა” და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების უკანონო, ვითომ პოლიცისათვის წინააღმდეგობის გაწევით ან ნარკოტიკების ჩადებით მასიური დაპატიმრებები?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა, უკვე დაპატიმრებული ადამიანების წამება სასურველი ჩვენებების მისაღებად?
იყო თუ არა პოლიტიკური დევნა ის, რაც პირადად მე შალვა ოგბაიძემ, ჩემი ოჯახის წევრებმა და ჩვენ, ყველამ ერთად გადავიტანეთ?
სწორედ ნაციონალურმა ხელისუფლებამ დანერგა უკანონო სატელეფონო მოსმენები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებს შედგენილი ჰქონდათ უკვე ყველასათვის ცნობილი სიები, რომლებშიც ქვეყნის მოსახლეობა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით - ჩვენიანებად და ოპოზიციად იყო დაყოფილი და რომლის მიხედვითაც ხოციელდებოდა ადამიანების საკუთრების წართმევა, დევნა, დაშინება და უკანონო დაპატიმრებები.
ჩვენ დღეს ჩვენი პარტიის შესახებ ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ნაწილია იმ უსამართლობისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ნეობოლშევიზმის საუკეთესო ტრადიციებით ახორციელებდა.
ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს რომ ბედავენ ასე საუბარს, იმის ბრალია, რომ მათ მოახერხეს და 1 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებად გამოაცხადეს, ხოლო ხელისუფლების გადაბარების პროცესი, კი როგორც დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი.
ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს კიდევ ახერხებს დასავლელი პარტნიორების თვალში მოისხას დემოკრატიულობის მანტია და ახალი ხელისუფლების მიერ მათი წევრების პოლიტიკურ დევნაში დადანაშაულებას, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მთელი ოპოზიციური ბრძოლის მანძილზე არ იყო საკმარისი სოლიდარობა ოპოზიციურ ძალებს შორის, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიც ქვეყანაში პოლიტიკური დევნის არსებობაა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ გახლავთ ნათელი დადასტურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიებისა და რომ არა ჩვენი და ყველა იმ ადამიანის შეურიგებელი ბრძოლა, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა წლების მანძილზე არ ეგუებოდნენ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს, არ შედგებოდა 1 ოქტომბერი და ქვეყანაში დიდი ხნით გამყარდებოდა მოდერნიზებული დიქტატურა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს, რაც შეიძლება მალე იქნება გამოძიებული ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა კონკრეტული დანაშაული და ბრალის დადასტურების შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს ყველა, განურჩევლად მათი თანამდებობრივი მდგომარეობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ვერასოდეს იზეიმებს კანონის უზენაესობა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტ-ელიტის თავხედობა და ცინიზმი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში აუცილებლად დადგება დენაციფიკაციის აუცილებლობა. ჩვენის ღრმა რწმენით ამის გარეშე საქართველო ვერ გახდება რეალურად დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო“ - აღნიშნულია განცხადებაში.