განათლების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების შემსწავლელი კომისია შეიქმნა

განათლების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების შემსწავლელი კომისია შეიქმნა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების საქმეების შემსწავლელი კომისია შეიქმნა.  

მარგველაშვილის თქმით, გამომდინარე იქედან,  რომ არსებობდა ინფორმაცია პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ,  სამინისტრომ მიმართა „საზოგადოების ამ ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და ცივილიზებულ ნაწილს, მოეხერხებინათ და საზოგადოებრივი რესურსით თვითონვე დაეძლიათ ეს პრობლემა“.

მინისტრის განცხადებით,  რიგ შემთხვევაში ეს მოხერხდა, თუმცა ყველგან ეს პრობლემა არ გადაწყვეტილა.

„სამინისტროში შემოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, ბევრ ადამიანს რჩება განცდა, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ შექმნა კომისია, რომლის მთავარი მიზანი იქნება, მოიკვლიოს ყველა ასეთი საქმე და შეძლებისდაგვარად მოაგვაროს ეს დავები“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება კომისიას, მისი თავმჯდომარე იქნება განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე.

კომისიაში შედიან სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაცია.

სამინისტროს გარდა, კომისიის წევრები არიან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“,  „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,  „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „სკოლა, ოჯახი და საზოგადოება“,  „განათლების,  დაგეგმვისა და მართვის საერთაშორუსო ინსტიტუტი“,  ასევე სახალხო დამცველის ოფისი.

მინისტრის განცხადებით,  კომისია მუშაობას დღეიდანვე შეუდგება.

ამასთან, მან  აღნიშნა, რომ კომისიაში განსახილვევლად უკვე 500-მდე განცხადებაა შესული.