დავით საყვარელიძე: ჯაბა ებანოიძე საქართველოში კორუფციის დამარცხების სიმბოლოა

დავით საყვარელიძე: ჯაბა ებანოიძე საქართველოში კორუფციის დამარცხების სიმბოლოა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთლი ლიდერის დავით საყვარელიძის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება ჯაბა ებანოიძის წინააღმდეგ სასაცილო იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

კითხვას, თუ რასთან დაკავშირებით იბარებენ ებანოიძეს პროკურატურაში, საყვარელიძე პასუხობს, რომ ეს ჟურნალისტებმა იმ ადამიანებთან უნდა იკითხონ, ვინც ის პროკურატურაში დაიბარა.

„ჯაბა ებანოიძის დაკითხვასთან დაკავშირებით შესაძლებელია გაკეთდეს ერთი განცხადება - ის არის ადამიანი, რომელიც საქართველოში არის სიმბოლო კორუფციის დამარცხების, კორუფციული ბიუროკრატიის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ყველაზე კორუმპირებული სისტემის საჯარო რეესტრის ერთ-ერთ სამაგალითოდ ქცევა. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეძლო შემოსავლების სამსახურის გათავისუფლება ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერისგან, რათა თითოეულ ბიზნესმენს ეგრძნო თავი კომფორტულად ამ ქვეყანაში" - განაცხადა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, მას საქართველოში განვითარებული პროცესების შემეგ ერთი კითხვა ებადება - ნახა თუ არა ვინმემ ბოლო თვეების განმავლობაში მძარცველის ან მკვლელის დაკავების ამსახველი სიუჟეტი.

„ასეთი რამ არ ყოფილა, არის მხოლო პოლიტიკური მოტივებით დაბარება პროკურატურაში. ებანოიძის დაბარება ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია" - განაცხადა საყვარელიძემ.