მეუფე იაკობი:როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მე არავისთან დამთმობი არ ვარ, რა რეგალიაც არ უნდა ჰქონდეს

მეუფე იაკობი:როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მე არავისთან დამთმობი არ ვარ, რა რეგალიაც არ უნდა ჰქონდეს

"ჩვენ, მღვდელმთავრებს ზნეობრიობის დაცვა გვევალება და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ერისთვის. შეშინებული მღვდელმთავარი რაღაცებზე თვალს რომ დახუჭავს, როგორი სანახავია?!. ამის შესახებ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ "აკვიატებული და კატეგორიული აზროვნების მქონე თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს" ცოდვების აღიარებისა და მონანიებისკენ მოუწოდებს.  მისი თქმით, მალე დაიწყება მარხვა, რაც თავშეკავების გარდა ცოდვების მონანიების პერიოდიც არის. შესაბამისად, მისმა სიტყვებმა ადამიანები არ უნდა გააღიზიანოს.

"არ მინდა ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მე არავისთან დამთმობი არ ვარ, რა რეგალიაც არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ, მღვდელმთავრებს ზნეობრიობის დაცვა გვევალება და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ერისთვის. შეშინებული მღვდელმთავარი რაღაცებზე თვალს რომ დახუჭავს, როგორი სანახავია?! ჩვენ იქამდე ვიტყვით ამ სიტყვებს, ვიდრე ზოგიერთებს გული არ გაულღვებათ. ახლა აპირებენ დაპირისპირებას სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, პრესით და ტელევიზიით, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ სინანულზე და კონკრეტულ ცოდვებზე ვქადაგებთ, რადგან მრავალი ადამიანის სისხლი შეღაღადებს ზეცას. ხელის თითებზე ჩამოითვლება ამის თავი და თავი ადამიანები. რომ არა მათი აკვიატებული და კატეგორიული აზროვნება, საქართველო ამას ასცდებოდა. ამ სიტყვებს იქამდე მოისმენენ, ვიდრე არ შერცხვებათ და თავიანთ საქმეებს არ აღიარებენ. ჩვენ პრესით და ტელევიზიით გამოჭენების არ გვეშინია", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს თეოლოგებად მოიხსენიებენ, შეუძლიათ გააკეთონ მითითებები იმაზე, თუ სასულიერო პირი საეკლესიო მსახურის მოვალეობისგან გადის. "სხვა შემთხვევაში კი, მე ვერავინ მასწავლის რისი უფლება მაქვს და რისი არა. ეპისკოპოსი ვარ, მაგრამ ვინ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა?! ამიტომ ვერც სიკვდილის შიში ან მუქარა, ვერც პრესით და ტელევიზიით სხვადასხვა გადაცემების კეთება უკან ვერ დაგვახევინებს. ყოველთვის შევახსენებთ, რომ შეინანონ. საბჭოთა მეთოდების დრო წავიდა, აღარ არის ანდროპოვის ეპოქა, რომ შემაშინონ. ვისაც აშინებდნენ, გააგრძელონ მათი დაშინება ასეთივე წარმატებით. მაგათი როგორ უნდა შემეშინდეს?!", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ეკლესია ყოველთვის აღსავსე იყო დიდი პასუხისმგებლობით და ბევრს აკეთებდა ქვეყნისთვის. შესაბამისად, როგორც მეუფე იაკობი ბრძანებს, მღვდელმთავრები უნდა მოიქცნენ 100 ათასი მოწამისა და წმინდა გიორგის მსგავსად, რათა ღვთის წინაშე წარდგომისას არ შერცხვეთ, რომ თავიანთი მოვალეობა არ შეასრულეს.

"მოვუწოდებ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ერის აბუჩად აგდებას თავი დაანებონ და თუ არ შეინანებენ, აღიარონ. ამით ისინი სხვებს დაიცავენ, რადგან მათ გამო ბევრი შიშის ქვეშ არის. შეიძლება მონანიების შედეგად ისე შეიცვალონ, რომ ქვეყანას ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთონ. არის რაღაც, რასაც თუ არ მოინანიებენ, არ დავუვიწყებთ და ადრე თუ გვიან პასუხსაც მოვთხოვთ. ქვეყნის ბედს ვიღაცების ხუშტურებს ვერ შევწირავთ. მე ერთი ვარ და შესაძლოა დამემუქრო სიცოცხლის ხელყოფით, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ მარტო არ ვარ. რამდენი უნდა გაგვანადგუროთ?!", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსმა ჟურნალისტებსაც დაფიქრებისკენ მოუწოდა და ურჩია, შეკვეთების მიღების ნაცვლად ხელი შეუწყონ ერის გამთლიანებას და არა გახლეჩას. "არავითარი შიში არ მაქვს. რაზეც ვსაუბრობ, იმ წლებში გაკეთებული საქმეები ამოვწიოთ და ამის შემდეგ მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ. რამდენიც უნდა იმდენი იყონ, შევხვდები ერთი ერთზე ნებისმიერ მოედანზე. მათ ეშინიათ და ჟურნალისტების, პრესის და ტელევიზიის მეშვეობით ცდილობენ გალაშქრებას. შეაშინონ, ვინც შეუშინებიათ, ფრთხილად იყვნენ!", - ბრძანა მეუფე იაკობმა.