უსუფაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საია-ს კრიტიკა და მწვავე პოზიციები სათანადოდ იყოს აღქმული

უსუფაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საია-ს კრიტიკა და მწვავე პოზიციები სათანადოდ იყოს აღქმული

ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფს შესაძლოა, ბოლო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინაშე. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  საია-ს XIX ყრილობის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი აღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

„მე პირადად ერთი გამოცდა მექნება ჩასაბარებელი ორგანიზაციის წინაშე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წიაღიდან გამოსული იურისტი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რბილად რომ ვთქვა, სხვა პოზიციებს იკავებდა და უკვე ნერვები ეშლებოდა იმის გამო, რომ იურისტთა ასოციაცია კვლავ სიმართლეს საუბრობდა და პრინციპული იყო, ასე რომ მე ახლა, უკვე ხელისუფლებაში მყოფს შესაძლოა, ბოლო გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი ამ ორგანიზაციის წინაშე და ვპირდები მის ყველა წევრს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი დახმარება სათანადოდ იქნას გამოყენებული და მათი კრიტიკა და მწვავე პოზიციები ასევე სათანადოდ იყოს აღქმული" - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობს, ე.ი. ერთ-ერთი მათგანი ცუდად იქცევა და საქმე კარგად არ არის.

„არ შეიძლება მეგობრობა. აუცილებელია თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტს არ ექნება განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების მიმართ. ინფორმაცია იქნება ღია და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ყურადღებით იქნება განხილული" -განმარტა უსუფაშვილმა.

ამასთან, მან ჟურნალისტებს საია-ს მანდატი უჩვენა და აღნიშნა, რომ ეს მანდატი მისთვის ძალიან ძვირფასია.

„არა მგონია, ვინმე გამიბრაზდეს საქართველოს პარლამენტში, თუ ვიტყვი, რომ ეს მანდატი უფრო ძვირფასია, ვიდრე ის, რაც ერთი თვის წინ მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა, იმიტომ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეს არის ჩემი შეგნებული ცხოვრება. 20 წელია ამ ორგანიზაციის პატრიოტი ვარ. ძალიან ბევრმა ინსტიტუტმა ვერ გაუძლო იმ გამოცდებს, რაც ბედმა გვარგუნა და ვამაყობ იმით, რომ იურისტთა ასოციაციამ ამ გამოცდებს გაუძლო. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი მრავალრიცხოვან წევრებზე დაფუძნებული ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უმწვავეს თემებზე მუდმივად აქტიურობს. მათ მოახერხეს და დაიმკვიდრეს თავი, როგორც მართლა დამოუკიდებელმა კვალიფიციურმა პროფესიონალმა ორგანიზაციამ. ასაკის გამო მე აღარ მაქვს უფლება ვიყო ამ ორგანიზაციის მმართველ ორგანოში, მაგრამ ვარ წევრი და ვამაყობ ამით" - აღნიშნა უსუფაშვილმა.