საქართველოდან მოსახლეობის გადინება რომ არ წყდება და კატასტროფულ მაშტაბებს იღებს, ამის შესახებ მხოლოდ მიგრაციის ტემპების ზრდით შეწუხებული ადამიანები, ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები, ასევე - ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დროდადრო საუბრობენ.
განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკეთა და სავარაუდო სტატისტიკაც მოიყვანა. თუმცა, „საქსტატის“ მონაცემებით, ხელისუფლება სულ სხვა სურათს გვიხატავს და დადებითი საემიგრაციო სალდოთი უკვე 2007 წლიდან იწონებს თავს.
საქმეში კარგად ჩახედული ინკოგნიტო წყარო კი გვიდასტურებს, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სააქართველოდან გასულთა და უკან არ დაბრუნებულთა ზუსტი ციფრები გააჩნია, რაც ბევრად განსხვავებულია ოფიციალურად დასახელებულისაგან. თუმცა, არ ამხელს.
ემიგრანტების გამოხმაურება მედიაში, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში (ჩემს გადაცემებში და პრესით გავრცელებულ პულიკაციებში), ცხადყოფს, რომ მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა საქართველოდან პოლიტიკური მოტივით გადახვეწილ, უმეტეს შემთხვევაში - სამსახურებიდან დათხოვნილი ახალგაზრდა ოჯახების ზრდის თვალსაზრისით. ხელისუფლება მაინც სირაქლემას პოზაში რჩება და ამ ფაქტზე წაყრუებით, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის დიდ მნიშვნელობაზე ამახვილებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები კი კიდევ ერთ ფაქტორს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად - მათი თქმით, თავიანთი აზრის ხმამაღლა გამოთქმის, ან საპროტესტო აქციებზე გამოსვლის საშიშროება არა მარტო საქართველოში დარჩენილი ოჯახების გამო ემუქრებათ... თავადაც ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, არალეგალურად ცხოვრობენ, თუ - უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.
ამის მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველს ი.ნ-ს ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი მოჰყავს. გერმანიაში მცხოვრებ მ.-ვ-ს კი ერთ-ერთ სასტუმროში ლევან გაჩეჩილაძისა და კახა თარგამაძის გახმაურებული შეხვედრა ახსენდება. ავსტრიაში მცხოვრები ემიგრანტი ა.ს. ქართველი ჟურნალისტების მიერ ბადრი ბიწაძის, ხოლო საფრანგეთში მცხოვრები თ.ნ. - ირაკლი ოქრუაშვილის „მოულოდნელად პოვნის“ შესახებ საუბრობენ.
იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც მიაჩიათ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილ მიტინგებზე მის წინააღმდეგ განწყობილი დევნილების პასიურობა სწორედ ამ ფაქტორებითაა გამოწვეული.
სამაგიეროდ, ასეთ უცნაურ ფაქტსაც ვიგებთ, რომ საფრანგეთში, კერძოდ - სტრასბურგში, ევროპარლამენტში რუსეთ-საქართველოს საკითხის განხილვის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟოზეფინას ბაღის კიდეზე შეკრებილი 12-მდე ქართველი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საფრანგეთში თავის დროზე სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან თავის დასაღწევად ჩამოვიდა. მაგრამ ხელში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პლაკატების დაკავება სწორედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს.
ეს ინფორმაცია 2009 წლის სექტემბერში ჩემი სტრასბურგში ყოფნის დროს დავაზუსტე. მე თავად წავაწყდი ამ ჯგუფს და ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. თუმცა, როგორც კი შემნიშნეს, მაშინვე მიიმალნენ. მოგვიანებით ქართველი ემიგრანტის, ორგანიზაცია „ეროვნული მოძრაობა - ემიგრანტების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვლადიმერ ხმელიძის ოჯახში სტუმრობისას მის სატელეფონო საუბარს შევესწარი.
„თქვენ არ იყავით, საფრანგეთს თავი რომ შეაცოდეთ, მიშას დევნილები ვართო? ახლა რატომ დგახართ მისი დავალებით და გაჰკივით, რუსი ოკუპანტიაო? არ იცით, რომ ორივე ოკუპანტია?ხომ ხართ ღირსი, ჩაგსვან თვითმფრინავში და საიდანაც ჩამობრძანდით, იქეთ გაგამზავრონ?!“ - ცხარობდა ლადო. იგი ბევრ ქართველს დახმარებია სტატუსის მიღების პროცედურის გავლისას. ამიტომ ყველა მათგანის ისტორია ზეპირად იცის. საუბარი გრძელდებოდა. „რა ვქნათ, ცისკარიშვილი მოვიდა და გვთხოვაო“, - ეუბნებოდნენ „დარცხვენილი“ ემიგრანტები.
როგორც საფრანგეთის სხვა ქალაქში სტატუსის მისაღებად ჩასული ქართველებისგანაც შევიტყვე, ასეთ კატეგორიას ბევრად უფრო უადვილდება პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება, ვიდრე რეალურად შევიწროვებულ ადამიანებს.
თუმცა, სწორედ 2009 წლიდან, აპრილ-ივნისის საპროტესტო აქციების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ბევრმა ქართველმა მიაშურა საფრანგეთს, თანაც - უვიზოდ. მინსკიდან პოლონეთის ბანაკში ჩაბარების და იქედან საფრანგეთამდე ჩაღწევის შედეგად, საფრანგეთმა ქართველების, ისევე როგორც უკრაინელების თავშესაფრის მიღება შედარებით გააიოლა. პრეფექტურებზე გაკრული წარწერა - „ქართველებს და უკრაინელებს არ ვიღებთ“, სწორედ 2009 წლის ოქტომბრიდან ჩამოიხსნა.
თუმცა, ზოგიერთ დევნილს, დღემდე არ მიუღია სტატუსი და უკვე ქვეყნის დატოვებასაც აიძულებენ. ამდენად, ევროპა დევნილების მიმართ არც ისე ლოიალურია, როგორც ეს გავრცელებული ინფორმაციებიდან ერთი შეხედვით ჩანს და არც ისე მხარდამჭერია საქართველოს ხელისუფლებისადმი, როგორც ამას ხელისუფლება გვეუბნება.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ემიგრანტების მიერ გამოთქმულ საფრთხეებს და ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებისათვის სასურველი პირების აღმოჩენის შესაძლებლობას, როგორც ინკოგნიტო წყარომ „პრესაგე.ტვ“-ს აცნობა, ინტერპოლზე მეტად, ნაციონალების „გრძელი ხლების“ ეფექტურობას აეროპორტის უწყებაში მათ მიერ მგზავრთა სიების შემოწმებაც განაპირობებს. რეგისტრაციების მიხედვით წინასწარ იციან, ვინ რა მიმართულებით მიფრინავს და რომელ რეისზე. ვინც ამ სიას არ გადასცემს მომთხოვნს, მას სამსახურიდან ითხოვენ.
2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, კოორდინატორების გააქტიურება უბნებზეც შეინიშნება. უკვე მიმდინარეობს მოსახლეობის პოლიტიკური ნიშნით გადარჩევის ახალი ეტაპი. რის გამოც, რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნებით დატოვა სამსახურები, რომ ნარკოტიკების ჩადების, ან სხვა პროვოკაციების მსხვერპლი არ გამხდარიყო.
ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ მიგრაციის ტალღა ქეყნიდან კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, მსოფლიო კრიზისის პირობებში ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყანა გაუღებს კარს, საკუთარი სამშობლოდან გამოძევებულ ადამინებს, რომლებსაც უკვე ოჯახის სრული შემადგენლობით გადაუწყვეტიათ ქვეყნის დატოვება. ამ ადამინების უკან დაბრუნების შანსი კი, ძალზე მცირეა. სამაგიეროდ, ძალზე დიდია შანსი იმსა, რომ ამ ადამიანების ხმები, ტრადიციისამებრ, კვლავ ნაციონალების ყულაბაში მოხვდეს.