კინო და ტელევიზია თანამედროვე ცხოვრების უცვლელი ატრიბუტია. მათ გარეშე ცხოვრება დღეს მართლაც რომ წარმოუდგენელია. Kკინო როგორც ხელოვნების დარგი, დაახლოებით 120 წლის წინ შეიქმნა და განვითარების რამდენიმე საფეხური გაიარა. თავდაპირველად მუნჯური ეპოქიდან ხმოვანზე გადავიდა, შემდეგ შავ-თეთრი გამოსახულება ფერადად შეიცვალა. უკანასკნელ პერიოდში კი კინომანთა სამსჯავროზე “ლეგენდარული” “ავატარის” გამოჩენამ სამგანზომილებიანი სურათების გადაღებას დაუდო სათავე.
კინოხელოვნება მრავალი შემადგენელი ნაწილისაგან შედგება, რომლებმაც თავიანთი ისტორიული გზა გაიარეს. დღეს სწორედ რომ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით.
ცნობილია, რომ პირველი კინოსურათი ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული “მატარებლის შემოსვლა ლა სიოტის ვაგზალზე” იყო. სინამდვილეში ამ საქმის პიონერები თომას ედისონი და უილიამ დიკსონი იყვნენ. ედისონი 1887 წლიდან მუშაობდა აპარატზე, რომელიც მოძრავი გამოსახულების ჩასაწერად და საჩვენებლად იყო განკუთვნილი. დიკსონმა კი 1889 წელს შექმნა ხელსაწყო, რომელსაც “კინეტოფონოგრაფი” ეწოდა. ამ წყვილმა სულ მალე გადაიღო პირველი სურათი, სადაც დიკსონი ხელის აწევით ესალმებოდა ედისონს.
მსოფლიოში პირველი კინოფესტივალი ვენეციაში, 1932 წელს ჩატარდა. ამ დათვალიერებაზე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს საბჭოთა შემოქმედი ნიკოლაი ეკი, სურათისათვის “ცხოვრების საგზური”.
პრემიერა მსოფლიოში პირველი მულტიპლიკაციური ფილმისა “ციხე-კოშკი მოჩვენებით”, პარიზის კინოთეატრში გაიმართა 1907 წელს. პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი უოლტ დისნეის სტუდიაში შეიქმნა, 1937 წელს.მას “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ერქვა.
“ოსკარზე” ნომინირებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი აღმოჩნდა ასევე დისნეის სტუდიაში გადაღებული “მზეთუნახავი და მხეცი” ( 1992 წელს), მაგრამ ამ სურათმა ოქროს ქანდაკება მაინც ვერ მოიპოვა, რადგან წარმატება მხატვრულ ფილმს “კრავთა დუმილს” დაუთმო.
ყველაზე გრძელი მულტსერიალი “სკუბი-დუა”, რომელიც უკვე 350-ზე მეტ სერიას ითვლის. დანიური დოგისა და მისი მეგობრების თავგადასავლები ეკრანებზე პირველად 1969 წელს გამოვიდა.
პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტი მულტფილმების გმირია, მამაცი და შეუპოვარი ზოროა, რომელიც 69 ანიმაციურ ფილმში გამოდის. ზორო იყო აგრეთვე კომიქსების პირველი პერსონაჟი. ზორომ შემდგომში კინოეკრანებზე გადაინაცვლა ფილმში “ზოროს ნიღაბი” ( აშშ, 1920 წელი).
პირველი უსაშველოდ გაჭიანურებული ტელესერიალი “მარტოხელა რეინჯერები” აღმოჩნდა, რომელიც ამერიკის ეკრანებზე კვირაში ერთხელ გადიოდა 1949-დან 1957 წლამდე.
ყველაზე გრძელი ტელესერიალი ლეიტენანტი კოლომბოს შესახებ გადაღებული ფილმებია. ეს უკანასკნელი სამძებრო საქმიანობას ჯერ კიდევ 1967 წელს შეუდგა. ფილმი “მკვლელობა ექიმის რეცეპტით“ სადებიუტო აღმოჩნდა. კოლომბოს როლს მსახიობი პიტერ ფალკი ასრულებდა. მისი ბოლო სერია 2003 წელს გამოვიდა, მას სახელად “კოლომბოს უყვარს ღამის ცხოვრება“ ერქვა და მსახიობი უკვე 80 წელს გადაცილებული იყო.
თანამედროვე კინოხელოვნება წარმოუდგენელია საშინელებათა ფილმების გარეშე. ავტორი ამ ჟანრის ნაწარმოებებისა, რომლებიც ყველაზე ხშირად გადააქვთ ეკრანზე, ამერიკელი სტივენ კინგია. დღემდე შექმნილია სტივენ კინგის 20-ზე მეტი რომანისა და მოთხრობის ეკრანული ვერსია. მათ შორის ყველაზე ცნობილია “კერი” (აშშ. 1976 წელი), “ბრწყინვალება” და “მიზერი” ( აშშ. 1990 წელი).
პირველი საშინელებათა სურათი კი 1896 წელს შეიქმნა. ეს გახლდათ ჟორჟ მელიესის “ციხე-დარბაზი ეშმაკითურთ”, რომლის მოქმედება გოთიკურ ციხე-კოშკში ვითარდებოდა.
მხატვრული სურათების უმრავლესობა წარმოუდგენელია სხვადასხვა ტრიუკებისა და სპეც-ეფექტების გარეშე. აღმოჩნდა, რომ ყველაზე აქტიური კასკადიორი ყოფილა ვინმე ამერიკელი იაკიმა კანუსი, რომელმაც აქტიური “სამსახიობო საქმიანობის” 15 წლიანი მუშაობის მანძილზე 150-ზე მეტ ფილმში შეასრულა ტრიუკები. 1941 წელს მან ორივე ბარძაყის ძვალი მოიტეხა, რის შემდეგაც უკვე თავად დაიწყო ჰოლივუდში სხვადასხვა ტრიუკების დადგმა. მის ნამუშევართა შორისაა ტრიუკები ოთხცხენიან ეტლებზე ფილმში “ბენ ჰური” (აშშ. 1959 წელი).
ეს სცენა გასული საუკუნის საუკეთესო სპეცეფექტადაა აღიარებული. 1966 წელს იაკიმა კანუსიმ “ოსკარის” სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.
2001 წლის 11 ივლისს ეკრანებზე გამოვიდა პირველი ბლოკბასტერი ცოცხალი მსახიობების გარეშე. რეჟისორ ჰირონობუ საკაგუჩის ფანტასტიკურ ბოევიკში “უკანასკნელი ფანტაზია: სულები შიგნით” როლებს ვირტუალური პერსონაჟები ასრულებენ. 50 ციფრული გმირის შექმნაზე 137 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ამ სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჰოლივუდელ ვარსკვლავებს მომავალი კარიერისა შეეშინდათ, რადგან სულ მალე ყველა მათგანის ციფრულ ორეულს შექმნიდნენ და ორიგინალებიც უმუშევართა არმიას შეუერთდებოდნენ.
ეს ნამუშევარი აშშ-ის კინოგაქირავებაში ჩაფლავდა და უზარმაზარი ბიუჯეტის მესამედიც კი ვერ აანაზღაურა.მაყურებელი მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი მკვეთრი ცვლილებების მისაღებად. ამ ჟანრში მუშაობა საკაგუჩის შემდეგ, რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა გააგრძელა.
კინომსახიობებს საფრთხე ჯერ-ჯერობით არ ემუქრებათ. ისინი მუშაობას მშვიდად განაგრძობენ და მრავალმილიონიან ჰონორარებსაც იღებენ. რაც შეეხება თავად კინოსურათებს, პირველი ფილმი რომლის გადაღებაც 300 მილიონი დოლარი დაჯდა, “კარიბის ზღვის მეკობრეების” მესამე ნაწილია, თუმცა ახლანდელი კურსით ის ახლოსაც ვერ მოვა სერგეი ბონდარჩუკის ეპოპეასთან –“ომი და მშვიდობა”, რომელიც 560 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
გაგიკვირდებათ, მაგრამ თურმე არსებობს ე.წ “სურნელოვანი” ფილმებიც.გერმანელმა ინჟინერმა შტეფან რეიცმა გამოიგონა მოწყობილობა, რომელსაც “მყნოსავი ადამიანი” უწოდეს.მისი გამოცდა 2001 წლის ზაფხულში, ბერლინის ერთ-ერთ კინოთეატრში მოხდა.პირველ მხატვრულ ფილმს, რომელსაც “სუნი” ჰქონდა, “ერთი დღის დიეტა” ერქვა. სიუჟეტის მიხედვით, მის მთავარ გმირს კონკურსში გასამარჯვებლად ორმოცდაათი ტორტი უნდა შეესანსლა.
მოწყობილობა “მყნოსავი ადამიანი”, ზომით პატარა აუდიოფლეერისხელა იყო და ასამდე საკონდიტრო ნაწარმის არომატის გამოცემა შეეძლო.მაყურებელს ეს ნოვაცია ძალიან კი მოეწონა, მაგრამ პროექტი პრაქტიკაში ჯეროვნად ჯერ არ დამკვიდრებულა.
ხოლო, ფრანკო ძეფირელის მიერ გადაღებული “რომეო და ჯულიეტა” მსოფლიოში პირველი “სიყვარულის ისტორიაა”, რომლის მსახიობებიც შექსპირის ამ ნაწარმოების პერსონაჟების თანატოლები იყვნენ. ეს ფილმი თავის დროზე კინაღამ აკრძალეს, რადგან არასრულწლოვანი ჯულიეტა ერთ ეპიზოდში ეკრანზე წელსზემოთ შიშველი ჩანდა.