ბაჩო ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო ახალაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლომ დაკავებული მაღალჩნოსნების აღმკვეთი ღონისძიების შესახებ,  გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ ყოფილ შსს მინისტრს   აღმკვეთი ღონიძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ორ მაღალჩინოსანთან ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძესთან  კი, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ისინი გირაოს 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ, პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი სამ საათს  გაგრძელდა.

 საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა არ გაითვალისწინა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა, 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით, ასევე  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ახალაიას  20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

  პროკურატურა   სამივე პირისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების შუამდგომლობები გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შემთხვევაში დაკმაყოფილდა.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ საკუთარი არგუმენტები და მოწმეების ჩვენებები წარმოადგინა და დღეს პირველად გამოცხადდა ის პირი  ვის თავისუფლების შეზღუდვაში ბაჩო ახალაიას ბრალი ედება. ეს პიროვნება ზვიად აბესაძეა.

რაც შეეხება, ბრალდების მხარის არგუმენტებს, აღნიშნავდნენ, რომ სამივე ყოფილი მაღალჩინოსანია და მათ ისევ აქვთ გავლენა სამინისტროში და შესაძლოა ისინი, რომ არ დაეკავებინათ შეძლოთ მოწმეებზე გავლენა მოეხდინათ ან ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინათ.

დაცვის მხარის განცხადებით, კი ის რომ ბაჩო ახალია პირველივე გამოძახებითანავე გამოცხადდა დაკითხვაზე ამტკიცებს იმას, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და შესაბამისად არ იყო აუცილებლობა დაეკავებინათ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შსს ყოფილ მინისტრს რვა ნოემბერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გათავალისწინებით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. თუმცა როგორც გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალაიას ბრალი დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).

ბაჩო ახალაიას წინასასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული.