„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სიმონ კილაძის საქმის გადახედვას ითხოვს

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ სიმონ კილაძის საქმის გადახედვას ითხოვს

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის სიმონ კილაძის საქმის გადახედვასა და ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და გიორგი არველაძის დასჯას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ, დღეს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ  ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.

მჟავანაძემ დღეს სიმონ კილაძესთან ერთად,  პროკურატურაში მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით განცხადება შეიტანა.

„2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაკვეთით ჯაშუშობის აბსურდული ბრალდებით დააკავებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე,  ვითომდაც ის სპეცსამსახურებს  სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილის მითითებით,  კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ჟღენტის მხრიდან სიმონ კილაძეზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას პირდაპირ დაემუქრნენ, რომ თუ იგი არ აღიარებდა დანაშაულს, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდა. კილაძის მიმართ ბინძურ პროვოკაციაში მნიშვნელოვანი წვლილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემაც შეიტანა. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, ზეწოლისა და ოჯახის განადგურების თავიდან ასაცილებლად დანაშაული ეღიარებინა. რის შედეგად მას ერთწლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი დაედო“,- განაცხადა მჟავანაძემ.