ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა  შს მინისტრს

ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა შს მინისტრს

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისა და სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თხოვნით მიმართავს.

 მიმართვის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს სოფლის მუსლიმ მაცხოვრებლებს.

ომბუსმენის აპარატის ინფორმაციით, 1989 წლიდან აჭარელი მუსლიმების 300-მდე კომლი სოფელ ნიგვზიანში ცხოვრობს. 2010 წლამდე ისინი სალოცავად ბათუმში დადიოდნენ. ერთი წლის წინ,  მათ ნიგვზიანში ერთ-ერთი მუსლიმის ოჯახში სამლოცველო მოაწყვეს. აღნიშნულმა სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ვითარება სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბერში დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს.

„როგორც ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრებით დგინდება, მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მაცხოვრებელთა მუსლიმ ნაწილს რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებაში ხელი შეუშალა. 2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, მათ ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდა შეკრებილი და რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და რელიგიური რიტუალების შეწყვეტას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც სოფელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2012 წლის 2 ნოემბერს ჩავიდნენ სოფელ ნიგვზიანში. ამავე დღეს მუსლიმებს საერთო ლოცვა უნდა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, რათა მლოცველები სამლოცველოში არ შეეშვათ, ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სოფელში მეჩეთის მშენებლობას, ასევე, მოითხოვდნენ, არ მიეღო მასიური ხასიათი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური რიტუალების ჩატარებას და ერთობლივ ლოცვას. მდგომარეობა ადგილზე იმდენად გამწვავდა, რომ საქართველოს მუფტს არ მიეცა საშუალება შესულიყო სალოცავად შენობაში. ზოგადად, სიტუაცია საქართველოს მუფტის მიერ სოფლის გამგეობის შენობაში მოლაპარაკებების შემდეგ (იგი მოსახლეობის ნაწილთან მოლაპარაკებას აწარმოებდა) განიმუხტა, რის შედეგადაც მუსლიმმა მოსახლეობამ ლოცვა შეძლო.  ვინაიდან, სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა, რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი გახდეს, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები გატარდეს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.