მაკა ასათიანი: შესაძლოა, მამაჩემის მკვლელობის საქმე გადაიხედოს

მაკა ასათიანი: შესაძლოა, მამაჩემის მკვლელობის საქმე გადაიხედოს

ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელი მაკა ასათიანი მამის კახი ასათიანის მკვლელობის საქმის გადახედვას არ გამორიცხავს.

აღნიშნულის შესახებ, მაკა ასათიანმა დღეს ტელეკომპანია  „მაესტროს“  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„შესაძლოა გადაიხედოს,  თუმცა ამდროისთვის,  მე არავინ დამკავშირებია. რა თქმა უნდა, სურვილი დიდია და ალბათ დედა განცხადებას შეიტანს, მე არ ვიცი ზუსტად ეს როგორ კეთდება“,- განაცხადა  ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ კახი ასათიანი 2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საღამოს 7 საათზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

მკვლელობასთან დაკავშირებით,  ორი ძირითადი ვერსია ვრცელდებოდა: პირველი - „აირზენაში“ მის საქმიანობას უკავშირდებოდა,  რომლის თანახმადაც კახი ასათიანი ლიკვიდაციით კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო დაინტერესებული. მეორე ვერსიით კი, ასათიანი შურისძიების მსხვერპლი გახდა და მისი მკვლელობა დუდუ დადიანის მკვლელობის გაგრძელება იყო.