ტელეკომპანია „მაესტრო“ 2 რადიოსთან და ახალ ტელევიზიასთან ერთად, ერთ ჰოლდინგში გაერთიანდება

ტელეკომპანია „მაესტრო“ 2 რადიოსთან და ახალ ტელევიზიასთან ერთად, ერთ ჰოლდინგში გაერთიანდება

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლები მედია-ჰოლდინგს ქმნიან. ამის შესახებ „მაესტროს“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონეფერნციაზე მამუკა ღლონტმა და მაკა ასათიანმა ისაუბრეს.

მაკა ასათიანის თქმით, გადაწყდა, შეიქმნას ჰოლდინგი, რომელშიც 2 რადიო და 2 ტელევიზია გაერთიანდება.

მამუკა ღლონტის განმარტებით, პირველი სატელევიზიო არხი, რომელიც ჰოლდინგში შევა, ოდნავ სახეცვლილი „მაესტრო“ იქნება“, თუმცა მას საინფორმაციო ხასიათი შეუნარჩუნდება.

რაც შეეხება მეორე ტელევიზიას, ღლონტის განცხადებით, იგი თებერვალში ჩამოყალიბდება და საერთო მაუწყებლობის ტიპის ტელევიზია იქნება.

მამუკა ღლონტის განცხადებით, ჰოლდინგში შევა რადიო „მაესტროც“, რომელსაც ახალი - „ვინილის რადიო“ დაემატება.

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო რადიო „მაესტრო“, მას დაემატება „ვინილის რადიო“, რომელიც მკვეთრად გასართობი ხასიათის იქნება და მისი საშუალებით, ჩვენ დავიწყებთ შოუბიზნესის აღორძინების ხელშეწყობას“ - განაცხადა ღლონტმა და დასძინა, რომ „ვინილის რადიოს“ საშუალებით, ჩატარდება სხვადასხვა სახის ფესტივალები და მოეწყობა მუსიკალური დაჯილდოება - „ოქროს ვინილი“.

რაც შეეხება დაფინანსებას, მამუკა ღლონტის განცხადებით, ჰოლდინგი მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდება.

„დაფინანსების ერთადერთი წყარო იქნება ტელევიზიის საკუთარი შემოსავლები, სხვა დაფინანსების წყარო არ უნდა არსებობდეს ნორმალურ ქვეყანაში, რადგან დაფინანსების სხვა წყარო ტელევიზიის პოლიტიკურ მიდრეკილებებს გულისხმობს, რაც მედიისთვის დაუშვებელია. მედია უნდა იქცეს ბიზნესად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის ტელეკომპანია და რადიო რასაც გავაკეთებთ, იყოს თვითდაფინანსებაზე და შემოსავალიც მოუტანს მის მფლობებელებს“ - განაცხადა ღლონტმა.