ნოდარ ხადური: პროკურატურა გაარკვევს, რის საფუძველზე მიიღო  მერიამ თბილისელების დასჯის გადაწყვეტილება

ნოდარ ხადური: პროკურატურა გაარკვევს, რის საფუძველზე მიიღო მერიამ თბილისელების დასჯის გადაწყვეტილება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით,  თბილისში შეწყვეტილ  სოციალურ პროექტებთან დაკავშირებით, მთავრობა არაფრის განხილვას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ მერიამ საკუთარი ვალდებულებები უნდა აღადგინოს და მთავრობისკენ ხელის გაშვერას თავი დაანებოს.

შესაბამისად, ხადურის თქმით, დოკუმენტს, სადაც მერია საკრებულოს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების შემცირების თხოვნით მიმართავს, დღეს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.

ხადური განმარტავს, რომ სოციალური პროექტების შეწყვეტის საკითხს მთავარი პროკურატურა შეისწავლის.

მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს თბილისის მერიის 12 ოქტომბრის მოთხოვნა, რომელშიც მერია საკრებულოს ხარჯების შემცირების თხოვნით მიმართავს, მოთხოვნას ხელს აწერს ვიცე-მერი ალავიძე და მასში საუბარია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების, ქალაქის კეთილმოწყობის,  პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ და სოციალური პროგრამების დაფინანსების შემცირებაზე.

„სამაგიეროდ იზრდება მერიის ადმინისტრაციის ასიგნება, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის, რომლითაც მერიას საკუთარი პოლიციის შექმნა სურდა, ასევე გუდაურში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულების გაუქმებაზე აპელირება არასწორია. მთავრობა ითხოვს 12 ოქტომბრის სტატუს კვოს აღდგენას მერიისგან, რომელმაც მოსახლეობის დასჯა გადაწყვიტა. ჩვენ არაფრის განხილვას არ ვაპირებთ, მერიამ საკუთარი ვალდებულებები უნდა აღადგინოს და მთავრობისკენ ხელის გაშვერას თავი დაანებოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, დოკუმენტს, სადაც მერია საკრებულოს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების შემცირების თხოვნით მიმართავს, დღეს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.

„ცენტრალური ბიუჯეტით სოციალური პროექტებისთვის თანხების გაღება გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად,  ცენტრალური ბიუჯეტიდან ვერ დაიხარჯება ვერც ერთი თეთრი, თუ ეს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ბიუჯეტის შეცვლა კი,  შეუძლია პარლამენტს მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მთავრობას კი პარლამენტისთვის ამგვარი თხოვნით არ მიუმართავს. ეს არის თბილისელების დასჯის მცდელობა და ამის უფლებას ჩვენ არავის მივცემთ. ამიერიდან მთავარი პროკურატურა შეისწავლის თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა მერიამ, დაესაჯა თბილისელები“,- განაცხადა ხადურმა.