ქსნის ტუბერკულოზის დაწესებულების ხელმძღვანელი, სამი ექიმი და ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქსნის ტუბერკულოზის დაწესებულების ხელმძღვანელი, სამი ექიმი და ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ქსნის ტუბერკულოზის დაწესებულების ხელმძღვანელს და სამ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამის შესახებ, სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

სუბარის განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლდება ყველა ადამიანი, რომელთა მიმართებაშიც დანაშაულებრივი ქმედების კვალი გამოიკვეთება.

„თუ გენერალური ინსპექციისა და ჩვენი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგად დადგინდება, რომ რომელიმე ადამიანი დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე იყო, ან საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა,  შეუჩერდება უფლებამოსილება და მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - განაცხადა  სუბარმა.

მინისტრის თქმით, მალე ბევრი ფაქტი გახდება ცნობილი და დასახელდება ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა.

„ყველა დამნაშავე პასუხს აგებს,  თუმცა ამავდროულად მინდა მოვუწოდო პატიმართა მშობლებსა და ახლობლებს, შიმშილობითა და სხვადასხვაგვარი მეთოდებით ნუ შეეცდებიან ამ პროცესის დაჩქარებას. ყველა დამნაშავე დაისჯება, ამ თემაზე სერიოზულად მუშაობს მთავარი პროკურატურა, ასევე ჩვენი გენერალური ინსპექცია“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარის განცხადებითვე, თანამდებობიდან გათავისუფლდა ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორი გიორგი ხიზანიშვილი.

მისი თქმით, ხიზანიშვილის გათავისუფლება რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდება.

ამასთან, სასჯელაღსრულების  სამინისტროს ინფორმაციით, ხიზანიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხის დირექტორის თანამდებობაზე ბორის პეტრიაშვილი შეცვლის.