გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ქართული ემიგრაციის მუზეუმში

გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმში

დღეს, 9 ნოემბერს,  18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. სადაც, ნაჩვენები იქნება გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება.“

გურამ შარაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი  იყო. დიდია  მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე, როგორც მეცნიერის, მწერლის, ქართული ლიტერატურის მკვლევარის და საზოგადო მოღვაწის. იყო მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი;  საზოგადოება „XXI საუკუნე _ ენა, მამული, სარწმუნოების” თავმჯდომარე და მრავალტომეული ნაშრომების ავტორი, მათ შორის,- „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია”, ტომეულები ილიასა და აკაკის შემოქმედების შესახებ, „თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და მოღვაწეობა”, „მიხაილ ზიჩი და ქართული კულტურა”, „უცხოეთის ცის ქვეშ” და სხვა მრავალი.

გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახეობის ორდენითა და უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლით „უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”. 

2004 და 2006 წლებში საქართველოს ხელისფლებამ  გურამ შარაძე ორჯერ „ხულიგნობისთვის” დააპატიმრა. 

2007 წლის 20 მაისს, კი 66 წლის გურამ შარაძე თბილისის ცენტრში მოკლეს. მისი მკვლელობის საქმე კი, დღემდე ბურუსით მოცულ საქმედ რჩება.