ნორა კვიციანს ათავისუფლებენ

ნორა კვიციანს ათავისუფლებენ

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ნორა კვიციანს ათავისუფლებენ. ეს ინფორმაცია from.ge - ეს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა.

ნორა კვიციანი კოდორის ცნობილი მოვლენების დროს, 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. დაკავებამდე ის კოდორის ხეობის სოფელ აჟარის გამგებელი იყო. ნორა კვიციანის მიმართ, საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლით აღიძრა. კერძოდ, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი.

მოგვიანებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას თავისუფლების 6 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. საქმემ საქართველოში სამივე სასამართლო ინსტანცია გაიარა.

თავად ნორა კვიციანი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. მისი საქმე 2007 წელს სტრასბურგში გაიგზავნა. ამ დროისთვის მას ნომერი უკვე აქვს მინიჭებული, განხილვა კი ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.

ადგილობრივმა უფლებადამცველებმა კვიციანს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭეს. იგი სასჯელს რუსთავის #5 ქალთა დაწესებულებაში იხდიდა.