თბილისის მერიამ მშვიდობის ხიდისა და მემორიალური სვეტის მომვლელის შესარჩევად ტენდერი გამოცხადა

თბილისის მერიამ მშვიდობის ხიდისა და მემორიალური სვეტის მომვლელის შესარჩევად ტენდერი გამოცხადა

თბილისის მერია მშვიდობის ხიდისა და გმირთა მოედანზე არსებული მემორიალური სვეტის მომვლელის შესარჩევად ტენდერს აცხადებს.

სატენდერო პირობები კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მშვიდობის ხიდის მოვლისა და დასუფთავებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის მერია სავარაუდოდ, 258 000 ლარს გადაიხდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ინტენსიური ექსპლუატაციის გამო საფეხმავლო ნაწილი ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს მოითხოვს.

ამასთან, აუცილებელია სამუშაოები მშრალი რეცხვის აპარატით და სპეციალური ქიმიური ხსნარების გამოყენებით ან ჰაერის ჭავლით განხორციელდეს, რადგან მართვის ბლოკებთან ახლოს კარტერებში წყლის მოხვედრა სანათი სისტემების პარალიზებას გამოიწვევს.

ხიდის სახურავის მინის პანელები მოითხოვს რეცხვას წელიწადში 3/4-ჯერ. ლითონის მთელი ბადურა კარკასის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება კი წელიწადში 1/2-ჯერ იქნება საჭირო.

„გაწმენდითი სამუშაო პროცედურები მიმდინარეობს მაღალი რისკის ექსტრემალურ პირობებში, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია სრულად დაცული იყოს უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები და უზრუნველყოფილ იყოს სამუშაოებში დასაქმებული პერსონალის სპეციფიკის შესაბამისი მომზადების დონე და კვალიფიკაცია“ –ნათქვამია სატენდერო განცხადებაში

მემორიალური სვეტის მოსავლელად კი მერია 150 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით ნაგებობა საჭიროებს ფასადის რეცხვას 6 თვეში ერთხელ, სპეციალური ხსნარების გამოყენებით. ხოლო მიმდებარე ტერიტორიისა, მოაჯირებისა და სანათების დასუფთავება წლის განმავლობაში 26-ჯერ უნდა განხორციელდეს.

„სვეტის რხევის მაღალი ამპლიტუდის გამო აუცილებელია მუდმივი მეთვალყურეობა არქიტექტურული დეტალების, ქვისა და ორგმინის პრიზმების მდგომარეობაზე" – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ორივე ტენდერისთვის დოკუმენტაციის მიღება 21-დან 26 ნოემბრამდეა გაგრძელდება, სატენდერო სამუშაოების შესასრულებელი პერიოდი კი 2013 წელს მოიცავს.