[ნინო მიქიაშვილი]
თურქეთ–საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთის აშენებას აქტუალობა არ დაუკარგავს. როგორც „ობიექტივისთვის“ გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ორ კონკრეტულ ადგილზე მსჯელობენ – ბათუმის პრესკაფეს მოპირდაპირე მხარეს, ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და თეატრის გვერდზე, იქ, სადაც ამჟამად თორმეტსართულიანი კორპუსები დგას.
ეს ინფორმაცია მოგვაწოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარემ, მურმან დუმბაძემ და „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით რობაქიძემ.
იმათ, ვინც ჟურნალისტებს გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და ჭორების გავრცელებაში გვადანაშაულებს, ვთხოვთ, გულდასმით წაიკითხონ ეს მასალა – 3 საათის განმავლობაში (17–დან 20 საათამდე) ვცდილობდით ზემოხსენებული ინფორმაციის გადამოწმებას, ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურებში, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და ბათუმის საკრებულოში. ვინ რა პასუხი გაგვცა, ეს ოდნავ ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ თავჯდომარემ, მურმან დუმბაძემ გვითხრა, რომ მას „სამთავრობო წრიდან“ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, „აზიზიეს მეჩეთი“ ბათუმის პრესკაფეს მოპირდაპირე მხარეს, ყინულის სახლის გვერდზე შეიძლება აშენდეს, სადაც ამჟამად მშენებლობაა დაწყებული. დუმბაძის თქმით, იქ არ არის აბრა, რომელზეც მითითებული უნდა იყოს ვინ რას აშენებს.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად პირველად ბათუმის მერიის პრესსამსახურის უფროსს, ირინა შერვაშიძეს დავუკავშირდით და მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელისგან კომენტარის ჩაწერაში დახმარება ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ „ეს საკითხი ალბათ, ზედამხედველობის სამსახურს ეხება, გავარკვევ და შემეხმიანეთ“–ო. ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით ირინა შერვაშიძესთან დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ასევე დავრეკეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურის ქალაქის ნომერზე. გიორგი ტუღუშმა გვიპასუხა. ავუხსენით რაში იყო საქმე. დაგვპირდა ირინა შერვაშიძეს დავუკავშირდებიო.
ხელმეორედ დარეკვისას ყურმილი ახალგაზრდა ქალბატონმა აიღო. მასაც დეტალურად ავუხსენით რაში იყო საქმე და ვთხოვეთ დახმარება. მან გვითხრა, რომ ყინულის მოედნის გვერდზე მიმდინარე მშენებლობაზე ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურს შეიძლებოდა ჰქონოდა, რომლის უფროსთან დაკავშირებაში დახმარებაზე უარი იმ მოტივით განგვიცხადა, რომ მსგავს საკითხებს ირინა შერვაშიძე წყვეტდა – „ირინას გადავცემ, თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და დანარჩენს უკვე თვითონ გადაწყვეტს“.
ამის შემდეგ ჩვენ თავად გავიგეთ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ირაკლი სურმანიძის მობილური ტელეფონის ნომერი. მან განგვიმარტა, რომ მის სამსახურს საზედამხედველო ფუნქცია არ აქვს და რომ ეს საკითხი მერიის ზედამხედველობის სამსახურთან უნდა გაგვერკვია.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, გოჩა ძნელაძესთან დავრეკეთ. ჩვენს კითხვაზე – რას აშენებთ ბათუმის პრესკაფეს მოპირდაპირე მხარეს, ყინულის მოედნის გვერდზე? გოჩა ძნელაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: „ეს ადგილი არის ძეგლი და ძეგლთა დაცვის კომიტეტს შეეკითხეთ, ამას ისინი აკონტროლებენ. როდესაც ესა თუ ის ტერიტორია არის ძეგლი, მშენებლობის ნებართვას გასცემს ძეგლთა დაცვის სააგენტო, ის აკონტროლებს და ის ღებულობს ექსპლოატაციაში“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსს, ლაშა ჟღენტს დავუკავშირდით. „თქვენ ვინ გადმოგამისამართათ ჩემთან, არქიტექტურამ?“ – გვკითხა მან. ვუამბეთ ვის ვესაუბრეთ და მათგან როგორი პასუხები მივიღეთ. ლაშა ჟღენტმა მოგვისმინა და გვითხრა: „მაშინ მე გავარკვევ და თვითონ გადმოგირეკავთ“.
რამდენიმე წუთის შემდეგ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა მერიასთან გადაგვამისამართა:
„თქვენ რა ტერიტორიაც აღნიშნეთ, ეს არის ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არანაირი ძეგლი არ არის, რომ ჩვენ საქმის კურსში ვიყოთ. თქვენ ქალაქს უნდა მიმართოთ“.
ამ სატელეფონო საუბრების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძეს დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის თეატრის გვერდზე, 12–სართულიანი კორპუსების აღებაა დაგეგმილი, სადაც ე.წ. აზიზიეს მეჩეთ–მუზეუმთან ერთად, რუსული ოკუპაციის მუზეუმის აშენების საკითხს განიხილავენ.
„12–სართულიან კორპუსებში მოსახლეობა აღწერეს, გააფრთხილეს და დაპირდნენ, რომ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ჩინურ რესტორანთან ახლოს გადაიყვანენ (სადაც მშენებლობა უკვე დაწყებულია) და გარემონტებული ბინების გასაღებებს ჩააბარებენ. ამ ყველაფერს ბათუმის მერიის აპარატის უფროსი, გელა მახარაძე კურირებს. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიან სახლებს აშენებს ფირმა „ორბი–ანაგი“, რომელიც რეალურად აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა გოგოტიშვილის საკუთრებაა. ჩემი ინფორმაციით, თეატრის გვერდზე, თორმეტსართულიანების ადგილას განიხილავენ რუსული ოკუპაციის მუზეუმის და ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთ–მუზეუმის აშენების საკითხს“.
დავით რობაქიძესთან საუბრის შემდეგ კვლავ ვცადეთ ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ.
ბათუმის საკრებულოს პროტოკოლისა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელთან, გურანდა აბულაძესთან დაკავშირება და კომენტარის ჩაწერა კი უპრობლემოდ შევძელით. მან საკრებულოს სახელით, ჩვენთვის საინტერესო სკაითხებზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„იურისტებთან გავარკვიე, რომ ყინულის მოედნის გვერდზე შენდება სპორტული კომპლექსი. აბრა რატომ არ არის გაკრული, არ ვიცი, ეს უკვე აღმასრულებელი ორგანოს გადასაწყვეტია. თეატრის გვერდზე, 12–სართულიანებთან დაკავშირებით საკრებულოში განკარგულება არ შემოსულა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გამომდინარე აქედან, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ“.
„არა მგონია სააკაშვილმა ყინულის მოედნის გვერდზე, სპორტული კომპლექსის აშენების ნება დართოს, რადგან მან უკვე თქვა, რომ ყინულის მოედანი ამ კონკრეტულ ადგილას აღარ უნდა იყოს“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით რობაქიძე, რომელიც ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.