ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებულ ქიტიაშვილს სასჯელი გადაუვადეს

ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებულ ქიტიაშვილს სასჯელი გადაუვადეს

დიდი ბრძოლისა და დავიდარაბის შემდეგ, ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმით დაავადებულ 35 წლის ზაქარია ქიტიაშვილს 1 ნოემბერს სასჯელი გადაუვადეს. ეს ინფორმაცია for.ge-ს ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მოაწოდა, რომელიც ქიტიაშვილის უფლებებს იცავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ადამიანის მდგომარეობაზე ჩვენ ათეულზე მეტი წერილი დავწერეთ და გამოვაქვეყნეთ. მოხარული ვართ, რომ, როგორც იქნა ეს ადამიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა და ახლა მკურნალობას სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ოჯახის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის თქმით, ზაქარია ქიტიაშვილს სასჯელი გადაუვადდა სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო მანამდე, სუბარის წინამორბედის, გიორგი ტუღუშის დროს, პატიმარს სამედიცინო ექსპერტიზა სამინისტროს ხარჯებით ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქიტიაშვილი სასჯელს ქსნის N19 საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმებული იყო, რომ ლოგინიდან წამოდგომა და ტელეფონთან მისვლაც კი არ შეეძლო, რომ ოჯახის წევრებთან დაერეკა და დალაპარაკებოდა.

ზაქარია ქიტიაშვილს 35-წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მან საპატიმროში 5 წელი გაატარა. ჰყავს მოხუცი მშობლები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანების მონაცემთა ბაზაში არიან შეყვანილები.

ზაქარია ქიტიაშვილის გათავისუფლებას წინ უძღვოდა მისი უფლებების დამცველი ადვოკატის მამუკა ნოზაძის მხრიდან გამოჩენილი აქტიური და დაუღალავი სამართლებრივი ბრძოლა, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.