„ლიბერთი ბანკმა“ საკრედიტო ბარათზე პროცენტი ერთბაშად 12%-ით გაზარდა

„ლიბერთი ბანკმა“ საკრედიტო ბარათზე პროცენტი ერთბაშად 12%-ით გაზარდა

GeorgianBanks.com-ის ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკმა“ ცალმხრივად, კლიენტებთან შეუთანხმებლად საკრედიტო ბარათ „მეჯიქ ქარდზე“ საპროცენტო განაკვეთები, ერთბაშად 12%-ით, 24-დან 36-მდე გაზარდა. „გაცნობებთ, რომ 1 დეკემბრიდან თქვენი საკრედიტო ბარათის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 36%-ით“, - მსგავსი შინაარსის სმს-ები „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ბარათის მფლობელებმა მიიღეს. აღსანიშნავია, რომ „მეჯიქ ქარდის“ წლიური საპროცენტო განაკვეთი 28%-ს შეადგენდა, ხოლო იმ პირთათვის ვისაც ბანკში ანგარიში აქვს გახსნილი 24%-ს, 1 დეკემბრიდან კი ორივე შემთხვევაში საკრედიტო ბარათის პროცენტები გაიზრდება და 36%-ს გაუტოლდება.

ბანკში ამ ცვლილებას საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებას უკავშირებენ.

„ლიბერთი ბანკს“ მსგავსი ქმედებების განხორციელების საშუალებას კლიენტებთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება აძლევს. რომლის მიხედვითაც, ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს ბარათის მომსახურების პირობები მათ შორის საპროცენტო განაკვეთიც. ცვლილების შესახებ კი კლიენტს 1 თვით ადრე უნდა შეატყობინოს.

აღსანიშნავია, რომ „მეჯიქ ქარდის“ ხელშეკრულების თანახმად „ლიბერთი ბანკს“, პროცენტი გაზრდასთან ერთად ბევრი სხვა უფლებაც აქვს, რამაც მომხმარებელს შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეუქმნას. მაგალითად: ბანკს შეუძლია, ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კლიენტს ვადაზე ადრე მოსთხოვოს ბარათიდან ათვისებული თანხის სრულად დაფარვა. ასევე, ბანკს უფლება აქვს დაბლოკოს ან გააუქმოს საკრედიტო ბარათი.

იხილეთ ამონარიდები, „ლიბერთი ბანკის“ „მეჯიქ ქარდის“ ხელშეკრულებიდან (იხ. წყარო):

1. „ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოითხოვოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის და ნებისმიერი პირგასამტეხლოს სრულად გადახდა და კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს მოთხოვნილი თანხები.

2. კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე დაბლოკოს ან გააუქმოს საკრედიტო ბარათი ან შეამციროს საკრედიტო ლიმიტი ან/და მოითხოვოს კლიენტის მიერ ათვისებული თანხის დაბრუნება მასზე დარიცხულ პროცენტებთან პირგასამტეხლოსთან და საკომისიოსთან ერთად, თუ: ა) კლიენტი დაარღვევს წინამდებარე პირობებს; ან ბ) გაუარესდება მისი ფინანსური მდგომარეობა ან დადგება მისი გაუარესების საფრთხე; ან გ) ბანკის შეხედულებით ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვალა (გაუარესდა) საერთო ეკონომიკური მდგომარეობა; ან დ) კლიენტის მოქმედება მიმართულია ბანკის მოტყუებისაკენ, ან აღმოჩნდება რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია არასრულია ან/და მცდარია“.