ნოდარ ხადურმა და ფილიპ დიმიტროვმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს

ნოდარ ხადურმა და ფილიპ დიმიტროვმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის მხრიდან ჩანს მზაობა, გაგრძელდეს და თვისობრივად ახალ დონეზე განვითარდეს თანამშრომლობა საქართველოსთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დახმარება და პროექტები, რომელსაც ახორციელებს ევროკავშირი, მათ შორის, ეს ეხება საჯარო ფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ დახმარებებს, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის რჩევები, რომელსაც ევროპელები გვაძლევენ, რათა საქართველოს ეკონომიკა გახდეს ევროპული ეკონომიკის ნაწილი“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფილიპ დიმიტროვმა დღევანდელ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილებოდა

 „შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხარჯებად, რომელსაც სწორედ ფინანსთა სამინისტრო მართავს. ჩვენ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვქონდა აღნიშნულ უწყებასთან, როგორც პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების მიმართულებით, ისე სახელმწიფო ხარჯების მართვის კუთხით. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სამომავლო გეგმები“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ლეჟავა. ევროკავშირის მხრიდან კი - ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ევროკავშირის პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი რაიმონდ რეიგადა.