ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა კორტნი ლავმა ავტობიოგრაფიის დაწერა განიზრახა.
კურტ კობეინის ქვრივმა ხელშეკრულება უკვე გააფორმა ამერიკულ გამომცემლობა “William Morrow”- თან. ეს ნაშრომი დღის სინათლეს 2012 წლის შემოდგომაზე იხილავს.
კორტნი ლავი მოგონებებში შეეხება კურტ კობეინთან ურთიერთობას, გაიხსენებს საკუთარ მუსიკალურ კარიერას და ისაუბრებს მრავალ გამოჩენილ კოლეგაზე.
ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას 47 წლის ახლადგამოჩეკილმა მწერალმა არ დააზუსტა წიგნის რამდენი თავი აქვს დაწერილი და ამჟამად მუშაობის რა სტადიაზე იმყოფება. სამაგიეროდ განაცხადა, რომ მის მემუარებში მხოლოდ სიმართლე ეწერება. მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ შოუ-ბიზნესის ზოგიერთი ცნობილი პიროვნებისათვის მისი მოგონებები შეიძლება არასასიამოვნო სიურპრიზად იქცეს.
კორტნი ლავი როკ-სცენის პირველი წარმომადგენელი არ გახლავთ, რომელმაც ავტობიოგრაფიის დაწერა განიზრახა.
ცოტა ხნის წინ გაყიდვაში გამოვიდა ჯგუფი “Aerosmith”-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერისა და ლეგენდარული “The Rolling Stones”-ის გიტარისტი კეიტ რიჩარდის მემუარები.
უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია ჯგუფი “The Who”-ს გიტარისტი პიტ თაუსენდის ბიოგრაფიის გამოცემა.