[ნატო გოგელია]
2008-2009 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას, ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს მმართველი გუნდის ფრაქციის, აწ უკვე
ყოფილი თავმჯდომარე, „ნაცების“ სიის
მესამე ნომერი, შოთა
სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
2008-2009 წლებში სირაძის მიერ გაცემული საბუთი მიწა ბევრმა ჩინოსანმა დაიკანონა. თუმცა, ამ ამბის გახმაურებიდან ძალიან მალე, უკლებლივ ყველამ, მიწა ზედ დამაგრებული ქონებით სახელმწიფოს ჩააბარა. უფრო დაზუსტებით კი ჩააბარებინეს.
„გთხოვთ საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 184-ე
მუხლის და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-14 მუხლის
თანახმად, ჩოხატაურში კურორტ ბახმაროში, ამა და ამ ქუჩაზე, ამა და ამ საკადასტრო
კოდით უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში განახორციელოთ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია“, - ასეთი
სახის განცხადებები, გასული წლის ოქტომბერში საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილებაში 274 ცალი შევიდა. ყველა მათგანზე 5 ლარი და
50 თეთრია
გადახდილი.
შოთა სირაძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით იყო დაჯილდოებული ახლა მიმალვაშია. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, პირველივე სხდომაზე, პროკურორმა საპროცესო გარიგებაზე თანხმობა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ძიებამ სირაძის გარდა სხვა დამნაშავე ვერ იპოვა. თუ არ ჩავთვლით ასევე ღირსების ორდენოსან გია მგალობლიშვილს, რომელიც იმ პერიოდში გურიის სატყეო სამმართველოს უფროსი იყო და მას ძიება ბახმაროში ხე-ტყის უკანონო ჭრას ედავება. მგალობლიშვილი, სირაძის მსგავსად ძებნილია.
ვლადიმერ სიხარულიძე ჩოხატაურის ზედამხედველობის სამსახურს ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა. ის გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს, მიზეზად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება დაუსახელეს და განუმარტეს, რომ ბახმაროში მან უკანონო მშენებლობების შესახებ რეაგირება არ მოახდინა.
სიხარულიძე პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს და სიმართლის დასადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანა. ამ ეტაპზე საქმე უზენაეს სასამართლოს აქვს განხილვაში. სიხარულიძემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ბახმაროში მიმდინარე უკანონობის შესახებ, ხელისუფლება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია.
„არსებობს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ბახმაროში დადგენილია რეკრეაციული ზონები. იქ მოქმედებს კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ. ხე-ტყის ჭრაზე რომ გაიცა ბრძანება რეკრეაციულ ზონაში ვინ გასცა ეს ბრძანება. სააკაშვილი რომ გამოვიდა და თქვა - ბარდაგია გარემოს დაცვის სამინისტროშიო, რა შედეგი მოჰყვა ამას? - ვინმე დაისაჯა? რაც შეეხება ლეგალიზაციის საკითხს, თუ სანიტარული ჭრების ნებართვა გასცენ, გამოდის არსებობს რუქა, რომელსაც მალავენ. ბახმაროს ტერიტორია არის დაახლოებით 3000 ჰექტარი, აქედან კი რეკრეაციული ზონა 497 ჰექტარზეა. სწორედ ამ ზონაშია ის ტყე, რომელიც გაიჩეხა და კოტეჯები აშენდა. თუმცა, ვიმეორებ, რომ არ არსებობს ბახმაროს რუქა და შესაბამისად ვერავინ გაარკვევდა სად იყო სატყეო ზოლი და სად არა. ახლა რომ სირაძეს ტენიან ყველაფერს, რატომ არ დასაჯეს ის პირები, რომლებმაც ჭრის ნებართვა გასცენ, რატომ არ დადგა საჯარო რეესტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მთელი კორუფციული ჯაჭვია, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს შემოავლეს“, - ამბობს სიხარულიძე.
ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი აქვს, რომლის გამოყენებას, სასამართლოზე ხელისუფლების წინააღმდეგ გეგმავს. საქმე იმაშია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე ოფიციალურ წერილში წერს: „კურორტი ბახმარო მუნიციპალიტეტში შემავალ არცერთ ტერიტორიულ ორგანოს არ მიეკუთვნება”
„ეს სასაცილოა.
თუ ბახმარო მათ არ მიეკუთვნება, რატომ
გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი ბახმაროში მიმდინარე ფაქტებზე
თვალის დახუჭვა. გამოდის, რომ
მე არაფერი მესაქმებოდა იქ. აქ არის კიდევ ერთი სერიოზული ფაქტი _ თუ ბახმარო მათ არ ეკუთვნით და ამას ოფიციალურად ადასტურებს ანტონ ხუნდაძე, რატომ აგზავნიან სეზონზე იქ წარმომადგენლებს
და რატომ აძლევენ ამაში მივლინებას?!“ - კითხულობს სიხარულიძე.
გურიის რეგიონალურმა გაზეთმა, „გურია ნიუსმა“ გასულ წელს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მიხეილ სააკაშვილი უნიკალურ კურორტს არაბ შეიხს დაჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორს ბახმაროში სრული თავისუფლება მიეცემოდა და იქ არცერთი სახლი არ იქნებოდა. ოფიციოზმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, ეჭვები და ინფორმაცია იმან გაამყარა, რომ ამ სკანდალის ატეხვამდე რამდენიმე თვის ადრე გაკეთებულ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმაში, იქ
მდებარე არცერთი სახლი არ ფიგურირებდა. პროექტის
ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელიც ამბობს, რომ გეგმის თანახმად ბახმაროში, მხოლოდ ფეშენებლური
სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა (?!).
ჩხენკელის ინფორმაციით მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებულები იქნებიან ფეშენებლური
ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, სასტუმრო კომპლექსებს დასჭირდეთ დასახლებული პუნქტების ათვისება, თუმცა მათ ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.
ამ ეტაპზე უცნობია შესთავაზებს თუ არა ვინმე ალტერნატიულ ადგილებს კოტეჯების მეპატრონეებს, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ბახმაროს განვითარებაზე განაცხადი უკვე გააკეთა. ბახმაროს განვითარება რომ ძალიან კარგი საქმეა, ამაზე არავინ დაობს, თუმცა როგორც წყარომ გვაცნობა, ეს ბევრ რიგით ადამიანს დააზარალებს. ადამიანებს ბახმაროში წინაპრების დანატოვარ ქონებას ართმევენ. მიზეზად უბნებიან, რომ დარეგისტრირებული არ აქვთ, თუმცა, რეგისტრაციას მხოლოდ აუქციონის წესით ნაყიდ ქონებაზე ახდნენ. მიუხედავად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ლეგალიზაციის კომისია მიწების კანონიერების დოკუმენტების გაცემაზე, სრულიად უკანონოდ უარს ამბობს. შესაბამისად, ქონების დარეგისტრირება არც საჯარო რეესტრში ხდება.
„ბახმარო გამოყოფილია ცალკე სარეგისტრაციო სექტორად და მინიჭებული აქვს კოდი 28.24. ბახმაროს არ ყავს მუდმივი მცხოვრებლები იგი არის სეზონური კურორტი და დამსვენებელი იქ მხოლოდ ზაფხულობით მიდის. ბახმაროს არ ჰყოლია არჩეული მმართველობის ან თვითმართველობის ორგანო, აქ არ შექმნილა პრივატიზაციის კომისია და არ მომხდარა მიწების განაწილება. წლების განმავლობაში, მოქალაქეები ბახმაროში ეწეოდნენ სააგარაკო სახლების მშენებლობას ერთობლივად, ერთობლივ მშენებლობაში იგულისხმება ის რომ, რამდენიმე პირი (2,3,..... 14,15 და ზოგჯერ მეტიც) ერთად აშენებდა სააგარაკო სახლს და მშენებლობის დამთავრების შემდეგ ისინი ინაწილებდნენ ოთახებს (ბინებს) მშენებლობაში შეტანილი წვლილის შესაბამისად. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მრავალი ასეთი სააგარაკო სახლი დღეის მდგომარეობით დანგრეულია დიდთოვლობის გამო და მათზე მონაცემები დაცულია საგადასახადო სიებსა და ტექბიუროს არქივში. ამჟამად ბახმაროში 1000-ზე მეტი ასეთი შენობაა აღრიცხული. ამ შენობებიდან მხოლოდ მცირე ნაწილზე (დაახლოებით 15%-ზე) არის მონაცემები დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში, სარეგისტრაციო სამსახურში დაცულია მიწის მართვიდან გადმოცემული ბახმაროს მიწის მესაკუთრეთა საგადასახადო სიის ელექტრონული ვერსია და არ არსებობს ამ სიის ქაღალდის ვერსია, აღნიშნულ სიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და სიის მონაცემები ხშირად არ შეესაბამება ტექბიუროს არქივში დაცულ მონაცემებს. სია არ არის დამოწმებული რომელიმე უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამ სააგარაკო სახლებზე არ ყოფილა თავის დროზე გაცემული გადაწყვეტილება მიწის გამოყოფის შესახებ, არ ყოფილა გაცემული მშენებლობის ნებართვები, არ ყოფილა გაცემული შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი, (დაინტერესებულმა პირებმა ზემოთ ჩამოთვლილი ვერც ერთი დოკუმენტი ვერ მოიძიეს არქივში.) არ არის გაცემული ბინებზე ორდერი და არ არის გაცემული პრივატიზების ხელშეკრულება.
იმის გამო რომ ბახმაროს არ ყავს მუდმივი მაცხოვრებლები და შესაბამისად არ ყოლია არჩეული მმართველობის ორგანო საკრებულოს სახით შესაბამისად არ შექმნილა მიწის საპრივატიზაციო კომისია. ბახმაროზე არ ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ. ამ კანონის გამოყენება ბახმაროსთან მიმართებაში შეუძლებელია იმის გამოც, რომ მიწის მართვის სამმართველოში დაცული მიწის ბალანსის მიხედვით ბახმაროს სულ ერიცხება 199 ჰა მიწის ფართობი და იგი ჩათვლილია, როგორც არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად. ყველა რეგისტრაცია რაც განხორციელებულია ბახმაროს N24 სექტორში 1998 წლიდან დღემდე მიწა რეგისტრირებულია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად.
ასევე არ მომხდარა სააგარაკო ბინების პრივატიზაცია ალბათ იმის გამოც რომ, შენობები აგებულია არა სახელმწიფო ხარჯებით არამედ თანამესაკუთრეთა სახსრებით. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია უარს ამბობს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ქონება განეკუთვნება ბინის კატეგორიას და ბინებზე საკუთრების მოწმობა არ გაიცემა. საქართველოს პრეზიდენტის N73 ბრძანებულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე უარს ამბობს საკრებულო და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანებულება ითვალისწინებს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებულ არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებული და არა იზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე მხარეებსა და მათ უფლება-მოვალეობებს.
ბახმაროს სააგარაკო სახლები წარმოადგენს კერძო (ფიზიკური) პირების საკუთრებას და არა სახელმწიფო საკუთრებას. მასზე როგორც ბინის ერთეულზე საკუთრების მოწმობის გაცემა კანონით არ არის გათვალისწინებული.
საკრებულოდან მოქალაქეებს ამისამართებენ საჯარო რეესტრში და განუმარტავენ, რომ სააგარაკო სახლები აგებულია 50 60 და უფრო მეტი წლების წინ (რაც სინამდვილეს წარმოადგენს) და განეკუთვნება მიწისა და უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელობას ამდენად ამ ქონების რეგისტრაცია კანონიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს საჯარო რეესტრმა. თუმცა ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციას, რადგან მოქალაქეებს არ ააქვთ საკმარისი დოკუმენტები“, - თქვა პრესაგე.ტვ-ისთან საუბრისას საჯარო რეესტრის ჩოხატაურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ზურაბ საჯაიამ.
როგორც ამბობენ, გურიაში მალე დიდი „ინფრასტრუქტურული“ ცვლილებები დაიწყება. უცნობია ვისთვის იქნება სასიკეთო ეს ცვლილებები, თუმცა თუ გასული წლების მოვლენებს გადავხედავთ, ალბათ საჯარო რეესტრს რამდენიმე დღეში კიდევ ბევრი ადამიანი მიმართავს საკუთრების მიტოვების მოთხოვნით. რა თქმა უნდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.