გუშინ მუსიკალურმა გამოცემა “Billboard”-მა გამოაქვეყნა აშშ-ში, წინა კვირის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ალბომების რეიტინგი.
ყველასათვის მოულოდნელად, ამ ჩამონათვალს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მომღერლის, 87 წლის ტონი ბენეტის ახალი სტუდიური ჩანაწერი “Duets II”. წინა კვირას აშშ-ში ამ ჩანაწერის 179 ათასი ცალი გაიყიდა.
ტონი ბენეტმა გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც სახელოვან ბობ დილანს ეკუთვნოდა. 2009 წელს დილანის ალბომი “Together Through Life” აშშ-ში რამდენიმე კვირით გალიდერდა. მომღერალი მაშინ 67 წლის გახლდათ. ვეჭვობ, რომ 87 წლის ბენეტის მიღწევა ოდესმე ვინმემ გააუმჯობესოს.
ალბომი “Duets II” წარმოადგენს ბენეტის დუეტებს ისეთ ცნობილ მომღერლებთან როგორებიც არიან ლედი გაგა, მერაია ქერი, კერი ანდერვუდი და აწ გარდაცვლილი ემი ვაინჰაუსი. საინტერესოა, რომ ამ ალბომში შესული კომპოზიცია “Body and Soul” ვაინჰაუსისათვის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი აღმოჩნდა.
“Billboard”-ის ვერსიით, მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადის მეორე საფეხურზე ჯგუფი “Lady Antebellum”-ის ახალი ნამუშევარი “Own the Night” აღმოჩნდა, მესამეზე კი ადელის “21”-ია.