“Manic Street Preachers”-ს ვოკალისტის შეცვლა სურს

“Manic Street Preachers”-ს ვოკალისტის შეცვლა სურს

რამდენიმე დღის წინ პოპულარული ბრიტანული ჯგუფი “Manic Street Preachers”-ის წევრებმა გამოცემა “Uncut”-თან საუბრისას განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ვოკალისტი ჯეიმს დინ ბრედფილდის ახალი შემსრულებლით შეცვლა აქვთ განზრახული.

 

ამჟამად უელსური ჯგუფის წევრები ორწლიან შემოქმედებით შვებულებაში იმყოფებიან.

 

ჯგუფის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ჯეიმს დინ ბრედფილდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეცვლის იდეა თავად წამოაყენა.

 

“ორ წელიწადში აქტიურ საკონცერტო და სტუდიურ მოღვაწეობას კვლავ დავუბრუნდებით. 1986 წლიდან ერთი შემადგენლობით გამოვდივართ. ალბათ დადგა დრო, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჯგუფს ახალი სისხლის გადასხმა ესაჭიროება, ამიტომ ვოკალისტის აყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგა” – განაცხადა ბრედფილდმა.

 

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს “Manic Street Preachers” გაყიდვაში ახალ, რიგით მეთერთმეტე სტუდიურ ჩანაწერს გამოუშვებს. მისი სახელწოდებაა “The National Treasures - Singles Only”. ამ კრებულში შევა კარიერის განმავლობაში ჯგუფის მიერ ჩაწერილი 38 პოპულარული კომპოზიცია.

 

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სრულდება ოცი წელი მას შემდეგ, რაც ჯგუფმა პირველი სინგლი “Motown Junk” ჩაწერა.

 

როკ ჯგუფი “Manic Street Preachers” უელსის მეშახტეთა პატარა დასახლება ბლეკვუდში 1986 წელს ჩამოყალიბდა. მას თავდაპირველად “Betty Blue” ეწოდებოდა.

 

ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ჯეიმს დინ ბრედფილდი, ნიკი უარი და შონ მური.

 

თავდაპირველად ჯგუფის წევრები პანკ როკით იყვნენ გატაცებულები, შემდეგ გემოვნება შეეცვალათ და როკზე გადავიდნენ.

 

მუსიკალური კარიერის განმავლობაში “Manic Street Preachers”-ს ათი ალბომი აქვს ჩაწერილი.

 

პირველი “Generation Terrorist” მსმენელმა 1992 წელს მიიღო, ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Postcards from a Young Man” გაყიდვაში 2010 წლის გაზაფხულზე გამოვიდა.