ჰიბრიდული ქრონიკები

ჰიბრიდული ქრონიკები

შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლება საქართველოს სოფლის მეურნეობას, როგორც დარგს, მიზანმიმართულად ასამარებდა, აჩანაგებდა სახნავ–სათეს მიწებს (განახევრდა – ა.პ.) და გადასული იყო „იყიდე, გაყიდეს“ პრინციპებზე, როგორც ზოგადად ქვეყანაში, ისე - სოფლის მეურნეობაში. „რა საჭიროა წარმოება, როდესაც შეიძლება ყიდვა და შემოტანა“ – ყველას გახსოვთ, ალბათ, ფსევდო ლიბერტარიანელების ერთ დროს მთავარი იდეოლოგის, კახა ბენდუქიძის ეს ცნობილი სიტყვები.  

მერე, უცებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ აგრარული შტაბის შექმნისა და აგრარული მთავრობის გამოცხადების დრო მოვიდა - გამოჩნდა მწკრივად ჩაყენებული კომბაინები და ზედ ამხედრებული პრეზიდენტი. კვლავ გაისმა ხმამაღალი დაპირებები. „ჩვენ მალე სიმინდს ექსპორტზე გავიტანთ“, „მთავრობა ამ პროგრამისთვის 40 მლნ ლარზე მეტს გამოჰყოფს“ და ა.შ.

ტელევიზიით ხალხმა იხილა სასოფლო-სამეურნეო ჭრილში დანახული უფასო გაკვეთილები ისტორიაში. თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის საქართველოში მიხეილ სააკაშვილს „რაღაც არ ახსოვს სიმინდის ყანები“, მისი და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს კი გადაჰიბრიდდა საქართველოს განახევრებული სახნავ სათესი მიწები.

რით ვერ გაახილა ამ ოპოზიციამ თვალი? ნუთუ ვერ ხედავს საექსპორტოდ გამზადებულ ხორბლის მარაგებს? გაბაშვილი, ბობოხიძე და კვეზერელი თუ ხედავენ, ჩვენ რაღა დაგვემართა? გადავაქციოთ საქართველო მსოფლიოს ჰიბრიდული ხორბლით მომარაგების ბეღელად - ვაშააა!

ოპოზიცია, დავუშვათ, დაბრმავდა, მაგრამ გლეხს რაღა მოუვიდა - რა დაუნახაობა შეეყარა? არადა, ამ დროს, რა სასიხარულო ინფორმაციაა! თუ ექსპორტზე გასატანად გვაქვს საქმე, ე.ი. ქვეყნის შიდა მარაგები გადავავსეთ, მოგებაზე გავდივართ და იმ სანთლით მოსაძებნი ყანების პატრონებსაც სადარდებელი არ აქვთ – მთავრობა მოგებიდან კომპენსაციასაც გადაუხდის და ბეჭებზე წამოკიდებულ კრედიტებსაც გაუბათილებს. ასეა, ხომ, ბატონო მიხეილ? მეტი არაა ჩემი მტერი.

ისე, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების აზროვნებას, მოქმედებებსა და გატაცებებს თუ დავაკვირდებით, ეს ჰიბრიდები აშკარად იზიდავს მათ.

გახსოვთ მექსიკაში ჰიბრიდულ ავტომობილებში მოკალათებული მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია გაბადრულ–გაჰიბრიდულები მექსიკის ქუჩებში რომ დაასრიალებდნენ ძვირადღირებულ ჰიბრიდებს და ამაზე მალე მთელი მთავრობა გადაჯდებაო.

აქვე მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას: თუ მხოლოდ პიარი იყო და არ შეგიძენიათ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენი, ოპოზიციის ჯინაზე ნუ დახარჯავთ ნაგვის გადასახადის გაზრდით ხალხის ჯიბეებიდან ამოღებულ მილიონებს. 

ჰიბრიდულ სიმინდს, თუ სწორად დათესავ და მოიყვან, არა უშავს, მოვა დრო და ჰიბრიდულ მანქანას თავისი პატრონი საქართველოშიც გამოუჩნდება, მაგრამ თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, როგორ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მაგის ექსპერიმენტირების უფლებას ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას, და მითუმეტეს - მის ავტორიტარ ლიდერს, ნამდვილად ვერ მივცემთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილის განცხადებები მენტალური რევოლუციისა თუ ახალი კულტურის შესახებ ცხადჰყოფს, რომ როგორც სინგაპურში უნდათ მალაელისა და ჩინელისგან ახალი ჰიბრიდის შექმნა, ისე უნდა ხელისუფლებასაც რაღაც მსგავსის ჩადენა საქართველოში. რა ვქნათ? გავატანინოოთ? 

მე მგონი, სანამ ჯერ კიდევ სანამ გვიან არ არის, ყველამ, ვისთვისაც ჩვენი იდენტობა ძვირფასია, ვისაც ჩვენი კულტურა და ტრადიცია, ჩვენი ქვეყნის ისტორია არ ემეტება დასაჰიბრიდებლად, ვისაც ამ ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალზე გული შესტკივა, ერთად და ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ:

• ჰიბრიდი, რომლის გაკეთებაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უნდა, მიუღებელია და არ გამოვა;
• სინგაპური და ევროპა ერთ ქვეყანაში განუხორციელებელი ჰიბრიდია;
• ელიტური კორუფცია და ყოველი მესამე უმუშევარი – მძიმე ჰიბრიდია, რომელსაც მომავალი არ აქვს.

წარმატებული საპატრულო პოლიცია და კაცის მკვლელი ჯალათები ერთი ქოლგის ქვეშ, ციხის ახალი შენობები და ყოველი მეორასე პატიმარი პრეზიდენტის შეფასებით, ერთი ვნებიანი მინისტრის ქვეშ, ჰიბრიდი კი არა, კატასტროფაა.

ისე, თუ არჩევნებამდე ნაცმოძრაობის ლიდერის გონების დეჰიბრიდიზაცია არ მოხერხდა, საქმეს ისე მაინც ნუ გავაფუჭებინეთ სააკაშვილს, რომ მთლად ვეღარავისთან ვერ გამოვიდეს ჩვენი შერწყმა. დავფიქრდეთ ამაზე ყველა ერთად!