ახლო წარსულში ცნობილი ჯგუფი “The Beatles”-ის წევრმა რინგო სტარმა წინა კვირას ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს უთუოდ გაახარებს.
რინგომ გადაწყვიტა რომ გადახედოს 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ნებისმიერ პიროვნებას საკუთარი ავტოგრაფი კვლავ მისცეს. ამიერიდან მისი ხელმოწერის დაუფლების მსურველებს სახელოვან მუსიკოსთან მიახლოება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეუძლიათ.
ორი წლის წინ რინგომ საკუთარი ავტოგრაფების გაცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამისი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მის ხელმოწერებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ინტერნეტ აუქციონი eBay-ის მეშვეობით ჰყიდნენ.
წინა კვირას რინგო სტარმა თავისებური კონკურსიც გამოაცხადა. ნებისმიერმა მსურველმა მის პერსონალურ საიტზე უნდა გააგზავნოს რინგოს ჯგუფი “All Starr Band”-ის მიერ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული კონცერტების დროს გადაღებული ფოტოსურათები. საუკეთესო ნამუშევრებს თავად რინგო სტარი გამოარჩევს და გამარჯვებულებს სხვადასხვა იმ პრიზებით დააჯილდოებს, რომლებსაც ჯგუფი “The Beatles”-ის ბიოგრაფიასთან გარკვეული შეხება ექნებათ.