სოსო ცისკარიშვილი: ხელისუფლებისთვის მთავრობის წევრების შეთავაზება, არ მგონია, არასამათავრობო სექტორის საკითხი იყოს

სოსო ცისკარიშვილი: ხელისუფლებისთვის მთავრობის წევრების შეთავაზება, არ მგონია, არასამათავრობო სექტორის საკითხი იყოს

ქართული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად გააქტიურებულია. ისინი არა მარტო საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ ხმამაღლა, არამედ ჯერ არ დამტკიცებულ მთავრობას, მინისტრების თუ მინისტრთა მოადგილეების კანდიდატურებსაც სთავაზობენ.

თუ ბოლო ოცი წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტოროს მიერ განვლილ გზას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო სექტორი ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე უფრო უპრიანი ის იქნება, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი თავი არ წარმოაჩინოს არამკითხე მოამბის როლში.

"რასაკვირველია, შეიძლება ერთმანეთთან სჯა-ბაასი , შესაძლებელია იყოს საკუთარი სურვილების და აზრების დაფიქსირება , მაგრამ ხელისუფლებისთვის მთავრობის წევრების შეთავაზება, არ მგონია, რომ მაინცდამაინც არასამათავრობო სექტორის საკითხი იყოს", -აცხადებს ექსპერტი For.ge -სთან საუბარში.

რაც შეეხება ომბუდსმენის თანამდებობას, აქ ექსპერტი ფიქრობს, რომ არასამთავრობო სექტორიც უფრო აქტიურიც უნდა იყოს.

"სახელმწიფო მოხელეებს კი ვურჩევდი, თავშეკავებულნი იყვნენ ომბუდსმენის კანდიდატებისადმი საკუთარი სიმპათიების გამჟღავნებისგან. ერთია, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელობა ომბუდსმენის , მეორე კი მინისტრის და მითუმეტეს , მოადგილის. როდესაც ხმას აძლევ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს არ ნიშნავს, რომ იგი გეგულებოდეს საკუთარი სურვილების ამსრულებლად", -აცხადებს ცისკარიშვილი.

მაღაროელების, რკინიგზელების, "თელასის" თანამშრომლების და დევნილთა პროტესტთან დაკაშირებით სოსო ციკარიშვილს მიაჩნია, რომ მაღაროელების, რკინიგზელების, "თელასის" თანამშრომლების პროტესტი სრულიად გასაგებია და საზოგადოებაც სოლიდარულია მათ მიმართ, დევნილთა პროტესტში კი, ძველი ხელისუფლების მხრიდან, გარკვეული საბოტაჟის ნიშნებს ხედავს.

"მაღაროელთა პროტესტი არგუმენტირებულია და მიზეზიც გაჟღერებულია , თუ რატომ ვერ გამოთქვამდნენ ისინი აქამდე ამ პროტესტს. როგორც კი ხელი დაგვიქნია რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, მაშინვე გაჩნდა მოლოდინი იმის, რომ ანალოგიური რამ რკინიგზაშიც დაიწყებოდა და ალბათ ეს ასე იქნება. რაც შეეხება თელასს . აქაც აბსოლუტურად სამართლიანი პროტესტის ხმა ისმის იმ უმეცარი ნაბიჯების გამო, იმ ბოროტმოქმედურ ქმედებებზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში მათ მიმართ ხორციელდებოდა ხელისუფლების ზეწოლით . ეს შრომითი კოლექტივები საზოგადოების მხარდაჭერას გულწრფელად იმსახურებენ.

რაც შეეხება დევნილებს, მიუხედავად იმის, რომ მათი გაჭირვება უკვე აღარ ეტევა რაიმე მორალის ფარგლებში, რაც სამწუხაროდ, ყოფილ ხელისუფლებას საერთოდ არ გააჩნდა, მაინც ვფიქრობ, რომ იგი გარკვეულად მართულია. რადგან ძალიანაც რომ გინდოდეს საკუთარი ბინიდან გადასვლა, უნდა იცოდე სად არის ამის შესაძლებლობა.

ეს მისამართები, ეს რაღაც გარკვეული გრაფიკი გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ისე ხომ არ ხდება, რომ ერთი ღამეში მოხდა ობიექტების დაკავება, ხუთი ღამის განმავლობაში ხდება შეჭრა. ჩვენ, რა თქმა უნდა ვუთანაგრძობთ ადამიანებს, რომლებიც ამ სტატუსით უკვე ოცი წელია ცხოვრობენ და შესაბამისი დახმარება მთავრობისგან არ აქვთ.

ეს კვალი ძველი ხელისუფლებისკენ მიდის, რადგან ეჭვი მეპარება, რომ ახალი ხელისუფლებისკენ მიდიოდეს. საბოტაჟის რაღაც ნიშნები აშკარად შეინიშნება. თუნდაც იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ახლა თურმე ციხეებში ხდება შურისძიება იმ ბადრაგების მიმართ, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდნენ. ესეც ამ პროვოკაციის ნაწილია", -აცხადებს ცისკარიშვილი.