„ჰელსინკის ჯგუფი“ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს

„ჰელსინკის ჯგუფი“ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰელსინკის ჯგუფი“ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს  პოლიტპატიმრების გათავისუფლებას სთხოვს და პოლიტპატიმართა 185 კაციან სიას უგზავნის.

პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის წერილი „ჰელსინკის ჯგუფის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღეს ჩააბარეს.

წერილისა და მიმართვის თანახმად, თბილისის  „ჰელსინკის ჯგუფი“ 2009 წლიდან ასობით მსჯავრდებულის საქმეს სწავლობს.

ჯგუფმა მიიჩნია, რომ 185 ადამიანის დაპატიმრება მოხდა პოლიტიკური ნიშნით და შესაბამისად, მათ მიენიჭათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.

გარდა ამისა,  „ჰელსინკის ჯგუფის“ წევრებმა 13 პირს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭეს. ისინი არიან: გიორგი ქადაგიშვილი, გენადი არჩვაძე, ბიძინა გიორგობიანი, გელა ნასყიდაშვილი, მიხეილ ქარელი,  იასონ ჩიხლაძე, ლევან ფხაკაძ,  ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი,  ნიაზ ხალვაში, მარინა ჭყონია, ბადრი ბიწაძე და ზურაბ გიგუაშვილი.

„გიგზავნით ჩვენს მიერ პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად აღიარებულ პირთა სიას და გთხოვთ დაუყოვნებლივ,  საქართველოს კანონმდებლობით თქვენთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გაათავისუფლოთ სიაში მითითებული პირები - სულ 185 პირი. ასევე შეწყვიტოთ დევნა ძებნაში მყოფი 13 პირის მიმართ“, - ნათქვამია თბილისის „ჰელსინკის ჯგუფის“ განცხადებაში.

წერილისა და მიმართვის ასლები ასევე საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

„ჰელსინკის ჯგუფის“ წევრების განცხადებით,  პოლიტპატიმართა სიაში ასევე შედიან ოპერაცია „ენვერის“,  2007 წლის ნოემბრის აქციის, მუხროვანის ამბოხისა და 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ყინწვისში დაპატიმრებული პირები.