მაია ფანჯიკიძე - რუსეთთან ურთერთობის დალაგება რთული პროცესი, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება

მაია ფანჯიკიძე - რუსეთთან ურთერთობის დალაგება რთული პროცესი, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება

"საგარეო კუთხით ძველი მთავრობის კურსი შენარჩუნდება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტების წევრებს ამ მიმართულების პრიორიტეტები გააცნო.

მისი თქმით, ევროპული გზა არის ერთადერთი სწორი გზა და იმედი გამოთქვა, რომ ამ კუთხით ახალი მთავრობა წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს.

„16 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ამას ვერ შევძლებდი, ეს კურსი ჩემთვის ღირებული რომ არ იყოს. განსხვავებული, რაც ახალ მთავრობას შეიძლება ჰქონდეს, არის "იმ ფასეულობების განმტკიცება, რაც დამოუკიდებელ მედიას, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას გულისხმობს და რაც ბოლო წლების განმავლობაში მივიწყებული იქნა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ასევე, მისი განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეზობლებთან ურთიერთობის განმტკიცება იქნება.

„ვეცდები დავალაგო ურთიერთობა რუსეთთანაც, ეს არ იქნება ხანმოკლე პროცესი, ეს იქნება რთული პროცესი, მაგრამ იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა", - დასძინა ფანჯიკიძემ, რომლის განმარტებითაც, ასევე უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატის შენარჩუნებაც.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთდება უცხოეთში აკრედიტებული საქართველოს საელჩოების დეპოლიტიზებაზე.

"მათ დაივიწყეს ის, რომ არიან საელჩოები. ახლა ამაზე მეტს ვერ ვიტყვი, თუმცა ვიტყვი, რომ მათ ექნებათ მუშაობის უკეთესი პირობები და არც ერთი საელჩო არც ერთი პარტიისგან აღარ მიიღებს ისეთ დავალებას, რომელიც მისი საქმე არაა", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.