წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიურმა ჯგუფმა “INXS”-მა მოწვეული ვოკალისტი ჯეისონ დინ ფორჩენი დაითხოვა. საინტერესოა რომ კანადელი მუსიკოსი ამ ჯგუფიდან უკვე მეორედ გაუშვეს. ანალოგიური ფაქტი პირველად 2009 წელს დაფიქსირდა.
ავსტრალიური მას-მედიასათვის უცნობია თუ რა გახდა ფორჩენისათვის კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი. თავად ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში პრეს-კონფერენციას ჩაატარებენ, სადაც კანადელის გაშვების მიზეზებზე ისაუბრებენ, ასევე დაასახელებენ მისი შემცვლელის ვინაობასაც. კულუარული ინფორმაციით ის ეროვნებით ირლანდიელი იქნებოდა.
გუშინ ჯგუფის წევრებმა თაყვანისმცემლებს ჯეისონ დინ ფორჩუნის შემცვლელი წარუდგინეს. როგორც ავსტრალიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ ეს საპატიო მისია წარმოშობით ირლანდიელ მუსიკოს კიარან გრიბინს ერგო. კიარანი უახლოეს დღეებში “INXS”-ის წევრებთან ერთად სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ევროპაში დაგეგმილ საგასტროლო ტურნეში გაემგზავრება.
ჯგუფის ახალმა მონაწილემ გუშინ მუსიკალურ გამოცემა “Billboard”-ს ინტერვიუ მისცა. მან აღნიშნა, რომ “INXS”-ის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია და მოხარულია, რომ ამ ჯგუფთან ითანამშრომლებს.
კიარან გრიბინის სახელი მუსიკალურ სამყაროში კარგადაა ცნობილი. თავის დროზე ის მადონასთან, პოლ მაკარტნისთან, პოლ ოკენფოლდთან, ასევე ჯგუფებთან “Groove Armada” და “Snow Patrol”-თან მუშაობდა. 2010 წელს გრიბინი პოლ ოკენფოლდთან ერთად წარდგენილი გახლდათ “გრემის” ერთ-ერთ ნომინაციაზე, როგორც თანააავტორი მადონას პოპულარული კომპოზიციისა “Celebration”.
“INXS”-ისა და კიარან გრიბინის პირველი ერთობლივი გამოსვლა პერუში დაგეგმილ კონცერტზე შედგება მიმდინარე წლის 3 ნოემბერს.