[ნინო მიქიაშვილი]
სათნოების სახლ „კათარზისის“ შენობის გასხვისების შესახებ ინფორმაცია „ობიექტივმა“ სარწმუნო წყაროსგან შეიტყო – აღმაშენებლის გამზირზე, N121–ში მდებარე სამსართულიანი შენობის თურქებისთვის მიყიდვა აქვთ განზრახული. ამ ეტაპზე „ობიექტივი“ გთავაზობთ ინტერვიუს სათნოების სახლ „კათარზისის“ პრეზიდენტთან, ზაურ (ოლეგ) ალადაშვილთან.
ბატონო ზაურ, ეს შენობა „კათარზისის“ საკუთრებაა?
- ეს შენობა მუნიციპალური საკუთრებაა.
ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი გასხვისება ნებისმიერ დროს შეუძლიათ?
– მთლად ასე არ არის. ეს შენობა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ბალანსიდან ბალანსზე „კათარზისს“ გადმოსცა. მოგეხსენებათ, ეს ის დრო იყო, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ, რომ არსებობდა და შესაბამისად, იმდროინდელი კანონმდებლობაც დღევანდელისგან რადიკალურად განხვავებული იყო. მაშინ ბალანსიდან ბალანსზე გადმოცემა იმას ნიშნავდა, რომ ეს შენობა „კათარზისის“ საკუთრება გახდა.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გამოცემული ბრძანებულებით, ადრე გასხვისებული ობიექტები სახელმწიფოს უნდა დაბრუნებოდა. ამგვარი ობიექტების ნუსხაში „კათარზისის“ ეს შენობაც მოხვდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ამ შენობასთან დაკავშირებით,“კათარზისსა“ და თბილისის მერიას შორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობის პერიოდში, დავა მიდიოდა, რაც საბოლოოდ მორიგებით დასრულდა.
მე მითხრეს ასე – „რად გინდა ეს შენობა, მემკვიდრეობით ხომ არ უნდა დაუტოვო ვიღაცას, ან უკაცრავად და საფლავში ხომ არ უნდა წაიღო?! იყოს სახელმწიფოსი. „კათარზისი“ კარგ საქმეს აკეთებს და თუ ეს კარგი საქმე საზოგადოებისთვის ხვალაც და ზეგაც ასეთი მნიშვნელოვანი იქნება, ეს შენობა ხვალაც და ზეგაც „კათარზისის“ იქნება“.
ეს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გითხრათ?
– არა, ბატონ ზურაბს არ უთქვამს. ეს იმ სასამართლო პროცესზე ითქვა, რომელიც ჩვენსა და მერიას შორის მიდიოდა.
რა წერია სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში?
– უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს შენობა „კათარზისს“ გადაეცეს უსასყიდლო უზურფრუქტის წესით, 10 წლის ვადით. ამასთან მითითებულია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში თბილისის მერიას მისი გასხვისების უფლება არა აქვს. ეს ათწლიანი ვადა 2014 წლის ზაფხულში იწურება.
თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ამ შენობის თურქებისთვის მიყიდვას აპირებენ?
– ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს, პირველად თქვენგან მოვისმინე. მსგავსი რამ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია...
რამდენი ადამიანი მოდის და იკვებება „კათარზისში“?
– თბილისის „კათარზისში“ - 310.
მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად აქ ცხოვრობენ?
– დიახ, ასეთებიც არიან – ჩვენთან 14–ადგილიანი თავშესაფარია, მხოლოდ მანდილოსნებისთვის. აქ ცხოვრობენ ისინი, ვისაც უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ.
რამდენი წელია, რაც თავშესაფარი ფუნქციონირებს?
– თავშესაფარი დაახლოებით 14 წელია ფუნქციონირებს.
და თვითონ „კათარზისი“?
– „კათარზისი“ 21 წლის არის.
რას სთავაზობთ, აქ მოსულ ადამიანებს, სადილის გარდა?
– აქ არის თეატრი, რომლითაც შეიძლება გაერთონ, არის გაზეთები, რომლებიც შეიძლება წაიკითხონ და ბიბლიოთეკა, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ, აქ არის სხვადასხვა ადგილები, ინტერესების მიხედვით. მამაკაცებს ძირითადად აინტერესებთ ნარდის, შაშისა და ჭადრაკის თამაში. თბილისში კამათელი ალბათ, იმდენჯერ არსად გაგორდება, რამდენჯერაც სათნოების სახლის ეზოში.
ანუ ეზოც გაქვთ?!
– პატარა ეზო გვაქვს. ეს რუსული პეს მსგავსი შენობაა, შიგნით ბაღია. შეგიძლიათ შეიხედოთ, ლამაზია, მოგეწონებათ. აქ მოდიან ხოლმე ექიმთან. ჩვენი აფთიაქიც გვაქვს, რა თქმა უნდა, უფასო, მაგრამ ეს აფთიაქი იმით ვერ დაიკვეხნის, რომ მასში ყველა ტიპის მედიკამენტია. ძირითადად წნევის და გულის სამკურნალო საშუალებებია. ჩვენთან არის საპარიკმახერო, სადაც შეუძლიათ გალამაზდნენ. გვაქვს სამლოცველო, რომელიც ყველა კანონიკური ნიშნის მიხედვით არის მოხატული და ნაკურთხია თვით ილია მეორის მიერ. ასე გადის დღეები, რომლებიც აქ მოსული ადამიანებისთვის საინტერესოა, რადგან ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, მეგობრობის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანები აქ მოდიან, არა იმის გამო, რომ შიათ, არამედ, იმიტომ რომ დალაპარაკება, კონტაქტი, ელემენტარულად, ადამიანური აზრის ურთიერთგაცვლა სჭირდებათ.
რამდენჯერ და რით უპასპინძლდებით ხანდაზმულ ადამიანებს?
– აქ დღეში ერთხელ სადილობენ. ჩვენ კარგი სადილები გვაქვს. რომელიმე დღის მენიუ შეიძლება ასეთი იყოს: კიტრისა და პომიდვრის სალათი, ლობიო, ლობიოს სუპი, მაწვნის სუპი, ან რომელიმე ქალაქური სუპი. მე აბსოლუტურად უხორცო სადილებზე გელაპარაკებით. თუმცა, ხორციანი სადილიც საკმაოდ ხშირად გვაქვს და დღესაც ასეა...