ზოგიერთისთვის ეს რუსული პოლიტიკის ყველაზე დიდი შეკითხვა იყო. დაბრუნდება თუ არა ვლადიმერ პუტინი (1999-2000 წლების პრემიერ მინისტრი, 2008 წლამდე პრეზიდენტი და მას შემდეგ ისევ პრემიერ-მინისტრი) მომავალ წელს პრეზიდენტად? დადებითი პასუხის შემთხვევაში, კონსტიტუცია (შეცვლილი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის კრემლში არ იყო) აძლევს მას შესაძლებლობას ხელისუფლებაში ორი ექვსწლიანი ვადით ანუ 2024 წლამდე დარჩეს. ამ დროისთვის ის 71 წლის იქნება.
შაბათს, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობამ ამ შეკითხვას უპასუხა. კრემლის ამჟამინდელმა მეპატრონე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად კენჭი იყაროს ვლადიმერ პუტინმა. ბ-ნმა პუტინმა მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის ეს „დიდი პატივია“. მისი კრემლში დაბრუნება ოფიციალურად მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაფორმდება. მედვედევი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს (სახელმწიფო დუმა) დეკემებრის არჩევნებზე სათავეში ჩაუდგება „ერთიანი რუსეთის“ საარჩევნო სიას და პუტინისგან პრემიერ-მინისტრის სავარძელს გადაიბარებს.
სამუშაო ადგილების ეს აკურატული გაცვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსული დემოკრატიის ტრიუმფი. კონსტიტუციის მუხლი დაცულია. მედვედევს შეუძლია მისი მოდერნიზაციული ჯვაროსნული ომის გაგრძელება, რათა გაათავისუფლოს რუსეთი ბიუროკრატიისა და კორუფციისგან, მხარი დაუჭიროს მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და სილიკონის ველის მსგავსი რამ მოსკოვის შემოგარენში სკოლკოვოში ააშენოს. პუტინი, დღემდე ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, სტაბილურობის გარანტად რჩება – როგორც რუსული ვერსია სინგაპურის ლი კუან იუსი.
მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ბ-ნი პუტინი რანგით უფრო დაბალ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ის რუსულ პოლიტიკაში ყველაზე ძლევამოსილ ფიგურად რჩებოდა. კითხვა, რომელსაც The Economist რეგულარულად სვამდა იყო არა ის, დარჩებოდა თუ არა იგი ხელისუფლებაში, არამედ ის, თუ როგორ გააკეთებდა ამას.
მედვედევმა არაერთხელ გაუცრუა იმედი მათ, ვისაც სჯეროდა, რომ ის რუსეთში დამოუკიდებელი, რეფორმატორული ტენდენციის მებაირაღედ დარჩებოდა. მან რუსეთში დისკუსიის დასაშვები საზღვრები გარკვეულწილად გააფართოვა (და არამხოლოდ სტალინურ წარსულზე), მაგრამ როდესაც ბოლო სამ წელიწადს თვალს გადაავლებ, რთულია დაინახო რაიმე არსებითი ცვლილება, რომელზეც მის ხელის ანაბეჭდს აღმოაჩენ.
მისგან განსხვავებით, ბ-ნმა პუტინმა, „კაგებეს“ ყოფილმა აგენტმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსული პოლიტიკა საკუთარი თავის მსაგავსად გარდაქმნა. ის დევნიდა და აპატიმრებდა ოპონენტებს და ართმევდა მათ ენერგეტიკულ და მედია აქტივებს; მან ისეთი პოლიტიკური სისტემა შექმნა, რომელშიც მნიშვნელოვანი არჩევნები ყოველთვის ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით მთავრდებოდა. არც მოახლოებული არჩევნები იქნება გამონაკლისი.
პუტინის რუსეთში არჩევნებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდებოდა კრემლის მეპატრონე შეკითხვა არასდროს არსებობდა, არამედ – ჩამორჩენილ ეკონომიკაზე, კორუფციის ბატონობაზე, საშუალო ფენის წარმომადგენლებს შორის იმედგაცრუებაზე და ჩრდილოეთ კავკასიის ომზე.
როგორც კი ის პრეზიდენტად დაბრუნდება, პუტინმა, კაცმა, რომელსაც არ აქვს მკაფიო იდეოლოგიური შეხედულებები, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მისი მმართველობის ხანგრძლივობას არის ის, რომ ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს ნედლეულზე დამოკიდებულებისგან, უნდა ჩაახშოს მექრთაომეობა და შეიმუშაოს ახალი პოლიტიკა რუსეთის არასტაბიული რეგიონების მიმართ. დღევანდელი განცხადებისგან განსხვავებით, ეს მართლაც ნამდვილი სიახლე იქნება.
ან შეიძლება ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის, რითაც რუსეთის ისტორიაში ახალი და გაცილებით სახიფათო თავი დაიწყება.
foreignpress.ge
788
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85