დავით  ზილფიმიანი: ბეჟუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მოქმედებდა

დავით ზილფიმიანი: ბეჟუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მოქმედებდა

 "სტერეო+“- ის დირექტორი დავით ზილფიმიანი „პირველი სტერეოს“ დირექტორის ვასილ კობაიძისა და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, შეტანილი სარჩელის დროულად განხილვას მოითხოვს.

ზილფიმიანის განცხადებით, კობაიძე ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ დირექტორად, კომპანიის მეწილის დავით ბეჟუაშვილის უკანონო ქმედებების შედეგად დაინიშნა და სარჩელი სწორედ ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

„კიდევ ერთ სარჩელს შევიტანთ და ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. კობაიძეს, რომლის უკან ბეჟუაშვილი დგას, ტელეკომპანიის 65%-იანი წილიც უკანონოდ აქვს მიღებული და ეს კიდევ სხვა საკითხია. ბეჟუაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მოქმედებდა“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში დავით ზილფიმიანი, რომელიც „სტერეო+“-სა და „პირველი სტერეოს“ დამფუძნებელია, „პირველის სტერეოს“ დირექტორობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დირექტორად კომპანიის მეწილე - ვასილ კობაიძე დაინიშნა. კობაიძის ოფიციალური წარმომადგენელი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი იყო.

დავით ზილფიმიანი დირექტორობიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და „მეცხრე არხთან“ სიხშირის გავრცელების შესახებ გაფორმებულ კონტრაქტს უკავშირებს.