ცნობილი ადამიანები ხშირად მეტად უცნაურ და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილან. ერთხელ ანალოგიურ სიტუაციაში ცნობილი მსახიობი ჩარლი ჩაპლინი ჩავარდა.
ჩარლი ჩაპლინს როგორღაც ნიუ-იორკის მეტროთი მგზავრობა მოუხდა. შინ მისულმა გაოცებით შენიშნა, რომ პიჯაკის ჯიბეში სხვისი ოქროს საათი ედო. მსახიობმა ნივთი პოლიციაში მიიტანა.
მეორე დღეს კი შემდეგი შინაარსის ანონიმური ბარათი მიიღო: “ძვირფასო მისტერ ჩაპლინ! გწერთ პროფესიონალი ჯიბის ქურდი. გუშინ მეტროში ერთ მდიდარ ბატონს ოქროს საათი ამოვაცალე მაგრამ როგორც კი თქვენ დაგინახეთ, გადავწყვიტე კეთილი საქმე ჩამედინა და საათი თქვენ ჩაგიცურეთ ჯიბეში”.
გარკვეული დროის შემდეგ, რადგან ვერც ქურდი იპოვეს და ვერც საათის პატრონი, პოლიციამ ძვირფასი ნივთი ისევ ჩაპლინს დაუბრუნა. ამ პიკანტურმა ამბავმა, რა თქმა უნდა, პრესაც დააინტერესა და მომხდარი ფაქტი ერთხმად “აიტაცეს” გაზეთებმა. ორიოდე დღეში მსახიობს კიდევ ერთი გზავნილება მიართვეს. ოქროს ძვირფას ჯაჭვს თან წერილი ერთვოდა: “ძვირფასო ბატონო ჩაპლინ! ერთი წლის წინ, მეტროთი მგზავრობისას საათი მომპარეს. ახლახან კი გაზეთიდან შევიტყვე, რომ ქურდს ის თქვენთვის უჩუქებია. დაე, თქვენ დაგრჩეთ, მისტერ ჩაპლინ, და კიდევ, თქვენს არაჩვეულებრივ ნიჭს ნაკლებად როდი ვაფასებ, ვიდრე ვიღაც ქურდბაცაცა, ამიტომაც გთხოვთ მიიღოთ ჩემგან დიდი პატივისცემა და ეს მოკრძალებული საჩუქარი, რომელიც საათს დაამშვენებს”.