ფრანგული “Agence France-Press”-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა მომღერალმა სეზარია ევორამ მუსიკალური კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
რამდენიმე დღის წინ ევორას პარიზში რამდენიმე კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და საკონცერტო დარბაზის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა. ექიმებმა მას გულის დაავადება დაუდგინეს. ამის შემდეგ მომღერალმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ევორას 2008 წელსაც შეექმნა. ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ჩატარებული კონცერტის შემდეგ ინსულტი გადაიტანა, 2010 წლის მაისში კი პარიზში გულზე ოპერაცია გაიკეთა.
სეზარია ევორა 1941 წლის 27 აგვისტოს კაბო ვერდეს ქალაქ მინდელუში დაიბადა. 17 წლის ასაკიდან მშობლიური ქალაქის ბარებში გამოსვლა დაიწყო. სიმღერებს მწვანე კონცხის კუნძულების მაცხოვრებლებისათვის ახლობელ “მორნასა” და “ფადუს” სტილში ასრულებდა.
პირველი სოლო ალბომი “Distino di belta” 46 წლის ასაკში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩაწერა. ამის შემდეგ მისი პროდიუსერი ცნობილი კაბო ვერდელი მომღერალი ტიტო პარისი გახდა. სეზარია ევორა პარიზში გადასახლდა და კომპანია “Lusafrica”-სთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პოპულარობას 1988 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვაში მისი ალბომი “Miss Perfumado” გამოვიდა.
კარიერის განმავლობაში სეზარია ევორას 12 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. ამათგან უკანასკნელი “Nha Sentimento” 2009 წლით არის დათარიღებული.