რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს

რუსთავის N17 დაწესებულების პატიმრებმა “მაყურებლები“ სცემეს

  

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში, 15 სექტემბერს მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს ფიზიკურ შეურაცხყოფას, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რაც ზემოხსენებული საპატიმრო დაწესებულებიდან პატიმრების ეტაპირების მიზეზი გახდა. ეს ამბავი „ობიექტივმა“ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისგან შეიტყო.

ამასთან, მამედ–ზადეს უფლებების დამცველი ადვოკატის, თედო კობახიძისგან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მამედ–ზადეს დედამ, ია ქაჯაიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორთან“ ხელშეკრულება გააფორმა. თედო კობახიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს, დავით ჭაკუას შუამდგომლობით მიმართა, რათა საპატიმროში ექსპერტები შეუფერხებლად შევიდნენ. ანალოგიური მიმართვა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემაც გააკეთა.

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ დევს. ამავე უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეა სუხიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ობიექტივი“ დაინტერესდა ზემოხსენებულ ინდინდენტთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სახალხო დამცველის ოფისს. ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს დავუკავშირდით. ჩვენი სატელეფონო საუბარი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, საღამოს რვა საათზე შედგა. ამის გამო, ერემაშვილმა ვერაფერი გვითხრა. შევთანხმდით იმაზე, რომ კომენტარისთვის ხვალ დავუკავშირდებით (ინცინდენტზეც და ამ მასალაში მოყვანილ სხვა ფაქტებზეც).

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა ილგარ მამედ–ზადემ, 16 სექტემბერს მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, თედო კობახიძეს გადასცა სახალხო დამცველის სახელზე შედგენილი 4–გვერდიანი განცხადება–საჩივარი, რომელშიც წერს, რომ 15 სექტემბერს მის ცემა–წამებაში საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე და მისი მოადგილე, დავით ბუხრაშვილი, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. ზეპირი განცხადებების საფუძველზე ცნობილია, რომ მოგვიანებით პატიმარმა მის მიერ დაწერილი განცხადება–საჩივრის მსვლელობაზე უარი განაცხადა.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი 22 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და 21 სექტემბერს, რუსთავის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრა. მოგვიანებით მას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:

ვინ აიძულა მამედ–ზადე უარი ეთქვა საქმის მსვლელობაზე?

გელა ნიკოლაიშვილი: ადმინისტრაციამ, პატიმრებმა, დეპარტამენტის წარმომადგენელმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ეს ადამიანები ერთად და ცალ–ცალკე, ზოგი მკვლელობით ემუქრებოდა, ზოგი დედამისის დაჭერით, ზოგი სასჯელის დამატებით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მას ურჩევდა, რომ „მისთვის ასე იყო უკეთესი“.

თქვეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის ვინაობა?

–ვინაობა არ იციან. დაბალი, გამხდარი ახალგაზრდა კაცი იყოო. საპატიმროში მსჯავრდებულთან ვინ შევიდა, ეს ადვილი დასადგენია.

რის გამო დაუპირისპირდნენ პატიმრები ერთმანეთს?

–ეგრეთ წოდებულმა მაყურებლებმა დაწერეს და ზოგიერთსაც მოაწერინეს ხელი, რომ ილგარ მამედ–ზადემ თვითდაზიანებები მიიყენა. ამან საპატიმრო დაწესებულებაში მყოფთა უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. ჩხუბი მოხდა და “მაყურებლები“ სცემეს.

აი, ამ დიდი დაპირისპირების შემდეგ მოხდა ბევრი პატიმრის (სავარაუდოდ რამდენიმე ათეულის) ეტაპირება. ისინი საფრთხის ქვეშ არიან. საერთოდ, ახალ დაწესებულებაში გადაყვანისას ყველას ურტყამენ, მაგრამ 21–ში მომხდარი ინცინდენტის დროს „მაყურებლების“, ანუ ადმინისტრაციის სასარგებლოდ მომუშავე პატიმრების ცემა ადმინისტრაციამ შესაძლოა საკუთარ ცემად ჩათვალოს. იქიდან ეტაპირებული პატიმრები ფიზიკურ განადგურებას თუ გადაურჩნენ, შესაძლოა ისე სცემონ, რომ დააინვალიდონ.

ამიტომ, „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მოვუწოდე ადვოკატებს, პატრონებს, მოიკითხონ რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში, 21 სექტემბრამდე მყოფი პირები. რამდენიმეს გვარი დავაზუსტე და გავიგე, რომ ნამდვილად რუსთავის N6 დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. სავარაუდოდ, სხვებიც იქ უნდა იყვნენ.

რა მდგომარეობაშია მამედ–ზადე?

– სავარაუდოდ, ის რუსთავის N17 დაწესებულებიდან გადაყვანილი არ არის, რადგან მან ფაქტიურად უკვე უარყო ის, რომ დირექტორმა სცემა. ანუ თავისას მიაღწიეს, იქიდან გამომდინარე, რომ მას მკვლელობით ემუქრებოდნენ და ამ უარყოფით სიცოცხლე გადაირჩინა. 

მამედ–ზადეს დედამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხელშეკრულება გააფორმა

რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ ილგარ მამედ–ზადეს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ, ხოლო დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სპეციალისტები სამედიცინო შემოწმებას, „მისი სხეულის დაზიანების ხასიათის, ხანდაზმულობის და ამ მიმართულებით სხვა საკითხების დასადგენად“. ეს ინფორმაცია „ობიექტივს“ მამედ–ზადეს უფლებების დამცველმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მოაწოდა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.

ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას უკვე მიმართა, შესაბამისი შუამდგომლობით, რომლის ბოლოს აღნიშნულია:

„გთხოვთ, შემჭიდროვებულ ვადებში გასცეთ ერთობლივი ნებართვა, ექსპერტების/სპეციალისტების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში შესვლის თაობაზე, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადეს გასინჯვის მიზნით და ამავდროულად, მეც, როგორც მსჯავრდებულის ადვოკატს მომცეთ უფლება დავესწრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გასინჯვის პროცესს. ასევე გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ პატიმარ ილგარ მამედ–ზადეს ბადრაგირება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო სამსახურში“.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამი კითხვაა დასმული; დაცვის მხარე და ოჯახი ითხოვს გაირკვეს: „1. აღენიშნება თუ არა ილგარ მამედ–ზადეს რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები; 2. დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიდგინოთ დაზიანებების ხასიათი და სხეულის დაზიანების ხარისხი; 3.დაგვიდგინეთ დაზიანებების ხანდაზმულობა, ანუ მიყენებულია თუ არა აღნიშნული დაზიანებები ამა წლის 15 სექტემბერს“.

რუსთავის N17 დაწესებულებაში ექსპერტების დაუბრკოლებლად შესვლას პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძეც მოითხოვს: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, მსჯავრდებულ მამედ–ზადეს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან, იმის საფრთხე არსებობს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მაღალჩონოსნებმა რეალურად შეაფერხონ იმ ექსპერტ–სპეციალისტების შესვლა საპატიმრო დაწესებულებაში, რომლებმაც მასზე აღბეჭდილი ფიზიკური კვალის უტყუარობა უნდა დაადასტურონ, რაც ვიზუალურად ჩანს და რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა არაერთი განცხადება გააკეთა.

ამასთან, რამდენადა ჩემთვისაა ცნობილი, პატიმართან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფიდან და აღნიშნული ვიზუალური დაზიანების ფაქტს ისინიც ადასტურებენ.

ყველა სხვა ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იქნება უშუალოდ მამედ–ზადეს ჩვენებასთან, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა იმის უტყუარი მტკიცებულება იქნება, თუ რა სახის დაზიანება აღენიშნება მას და რითია მიყენებული აღნიშნული დაზიანებები.

შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელ პირს, თქვენი მედიასაშუალებით მივმართავ ზეპირად, ხოლო უახლოეს დღეებში ფორმალურად, წერილობით,  რომ თავად აიყვანოს კონტროლზე აღნიშნული საკითხი და უზრუნველყოს ექსპერტი–სპეციალისტების დაშვება მსჯავრდებულ მამედ–ზადესთან“.

სანამ პატიმრის დედა, ია ქაჯაია ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულებას გააფორმებდა, ადვოკატ თედო კობახიძეს ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა:

„დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ილგარი ამბობს, რომ მას აღარ ემქურება საშიშროება ციხის ადმინისტრაციის (კერძოდ, დირექტორის, ლაშა ბრეგვაძის, მოადგილის დავით ბუხრაშვილის, “დეპეენკას“ ოფიცრის, სოსოს და სხვათა) მხრიდან, ეს არის მხოლოდ პენიტენციალური სისტემის შემდგომი წნეხის, ზეწოლისა და ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ უნდობლობის შედეგი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ილგარის განცხადებებისა, რომ მას აღარ სჭირდება შველა, სწორედაც, რომ ახლა სჭირდება შველა, ისე, როგორც არასდროს და თუ დრო გაიწელა და მას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალი გადაუვიდა, შემდეგ იგი ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და შეიძლება, მის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე, რასაც არც ახლა გამოვრიცხავ.

ზუსტად ვიცი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტის, თუ კონკრეტულად N17 დაწესებულების ხელმძღვანელობა, ყველა ზომას მიმართავს, რომ დაიფაროს ლაშა ბრეგვაძისა, თუ სხვათა დანაშაული, ჩემს შვილს გადაუვიდეს ფიზიკური დაზიანებების კვალი და შემდეგ, რომელიმე პატიმარს დააბრალონ ჩემი შვილის ლიკვიდაციის კვალი, ან მინიმუმ სასჯელი მოუმატონ, როგორც ილგარი წერს მის განცხადება–საჩივარში, წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვასა, თუ ტარებაზე, რასაც ადვილად დაუმტკიცებენ და მოწმეებსაც ადვილად გამონახავენ.

მე არ მჯერა სახალხო დამცველის დახმარების, მაშინ, როდესაც 19 სექტემბერს  „მაესტროს“ სიუჟეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილგარ მამედ–ზადესთვის მიყენებული დაზიანებები არის უმნიშვნელო. ანუ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ექსპერტის ფუნქციებს ითავსებენ და ასევე, ისინი უშვებენ, რომ პატიმრების უმნიშვნელოდ ცემა დასაშვებია და საერთოდ, ცალსახად რატომ აცხადებს სახალხო დამცველი, რომ პატიმრის განცხადების საფუძველზე ძიება უნდა შეწყდეს? ამით ის აფარებს ხელს ადმინისტრაციის განუკითხავ ქმედებებს.

დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის განცხადება, შევწყვიტოთ ჩივილი და არ ჩავუტაროთ ექსპერტიზა, სწორედაც, რომ უკიდურესი წამების შედეგად არის გაცხადებული. ილგარის პოზიცია, როდესაც გუშინ ასე თავდადებით ლაპარაკობდა უკან არდახევაზე, უკვე მიანიშნებს, რომ მასზე უარესი ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და იგივე სახალხო დამცველის დაგვიანებული “დახმარების“ ხელშეწყობით, პოზიცია სასწრაფოდ შეაცვლევინეს.

ბატონო თედო, თქვენ ადმინისტრაციაში განა არ გთხოვეს, რომ პატიმრის მიერ დაწერილი განცხადება–საჩივარი არ გამოგეტანათ?! მაგრამ მიუხედავად დიდი ხელისშემშლელი გარემოებებისა, მაინც გამოიტანეთ და სახალხო დამცველი, მისი განცხადებით, წამების მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ტოვებს წამების მდგომარეობაში და ადმინისტრაციას ხელს უწყობს მასზე ზეწოლა გააგრძელოს. სახალხო დამცველი განა ვერ, არამედ არ ხედავს ამ ყველაფერს.

ძალიან კარგად მესმის ჩემი შვილის და მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ მას აღარ სჭირდება შველა, ბატონო თედო, მოგმართავთ თქვენ და გთხოვთ, იმოქმედოთ, როგორც ილგარის მიერ, 16 სექტემბერს განცხადება–საჩივარშია აღნიშნული, კანონის შესაბამისად და დაიცვათ ჩემი შვილი უკანონობისგან, წამებისგან“.