ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მომღერალმა სიუზან ბოილმა ახალ, რიგით მესამე ალბომზე მუშაობა დაასრულა. მისი სახელწოდებაა “Someone To Watch Over Me” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაამოვა.
სიუზან ბოილის ახალ ჩანაწერში შესულია ჯგუფების “Depeche Mode”-სა და “Tears For Fears”-ის პოპულარული კომპოზიციების ე.წ. ქოუვერ ვერსიები.
ალბომში “Someone To Watch Over Me” შემდეგი კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.
1. You Have To Be There
2. Unchained Melody
3. Enjoy The Silence
4. Both Sides Now
5. Lilac Wine
6. Mad World
7. Autumn Leaves
8. This Will Be The Year
9. Return
10. Someone To Watch Over Me
მომღერალი სიუზან ბოილის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკის მოყვარულებისათვის.
ქალბატონი სიუზანი პროფესიონალი მომღერალი არ გახლავთ. 2009 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქართული “ნიჭიერის” ინგლისურ ანალოგში –“Britain's Got Talent”. ამ კონკურსის პირველ შესარჩევ ტურში კომპოზიტორ კლოდ-მიშელ შონბერგის მიუზიკლიდან “Les Misserebles”, სიმღერა “I Dreamed a Dream” შეასრულა. სიუზანის გამოსვლას დიდი წარმატება ხვდა წილად.
მართალია ფინალში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ პოპულარობისაკენ მიმავალი რთული გზა გაკვალული აღმოჩნდა.
2009 წლის ნოემბერში ბოილმა პირველი სტუდიური ჩანაწერი “I Dreamed a Dream” გამოუშვა. მომდევნო წელს დღის სინათლე მისმა მეორე ალბომმა “The Gift” იხილა.
ორივე დისკი გაყიდვაში გამოსვლისთანავე ამერიკული და ბრიტანული მუსიკალური ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა და დიდი ხნის განმავლობაში პირველ პოზიციას არავის უთმობდა.