თუშეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის შემადგენელი ეთნოკულტურული კუთხეა.
თუშური კილო, ფშაურ და ხევსურულ კილოებთან ერთად, ქართული ენის სხვა დიალექტებისაგან უფრო მეტი არქაულობით გამოირჩევა და ეს არქაიზმები პარალელებს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ენის ძეგლებში ჰპოვებს.
აღსანიშნავია, რომ თუშეთის ერთ-ერთი თემი „წოვებიათა“ მეზობელ ვეინახთა (ჩეჩენ– ინგუშეთში) ენის დიალექტზე მეტყველებს.
ქრისტიანობა, რომელიც მე-1 4 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, საწყის ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, თუშეთში ვერ გავრცელდა. შუა საუკუნეებში კი ქრისტეს რჯული აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მაინც გავრცელდა, შეერწყა ადგილობრივ წარმართობას და შეიქმნა სარწმუნოების ერთგვარი სინკრეტული ტიპი.
თუშეთი ტრადიციულად მისდევდა მიწათმოქმედებასა და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებასა, მაგრამ მაინც წამყვანი წილი მის მეურნეობაში ნომადურ მეურნეობას ეჭირა. ასე იყო ძველად და ასეა ახლა.
მწყემსურმა კულტურამ საუკუნეთა მანძილზე ხელი შეუწყო თუშეთის კულტურული და ყოფითი თავისებურებების, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღირებულებითი სისტემისა და ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.
თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა. ქმნიან თუშეთის ერთიან კულტურულ–ესთეტიკურ სივრცეს თავისებური ეთნოფსიქოლოგიური წყობითა და სოციალური რიტუალების სისტემით.
ტრადიციულად თუში ქალის შავი ფერის თავშალი მუხლებამდე ეშვებოდა და სპეციალურ თავსადგამზე -, „კუჭურაზე“ იყო დამაგრებული. ლაბადის მსგავსი სამოსის შიგნით კოჭებამდე დაშვებული კაბა გულ–მკერდის მხარეს ვერცხლის სამკაულებითა და ჯაჭვებით იყო გაწყობილი.
მამაკაცის სამოსი ჩოხა–ახალუხისა და შავი ნაბდის ქუდისაგან შედგებოდა.
ქალიცა და კაციც ატარებდა ქალამნებს – ტყავის ფეხსაცმელებს და ნაქსოვ ფეხსაცმელს–“ჩითებს“. მწყემსური მეურნეობა თუშეთის შინა მრეწველობას მატყლის საჭირო მარაგით უზრუნველყოფდა .
ქალები დახელოვნებულნი არიან ქსოვასა და ნაბდისა და თექის თელვაში. საქსოვი ჩხირებით იქსოვებოდა მრავალფეროვანი ორნამენტებით შემკობილი ჩითები და წინდები, ხოლო ხელის საქსოვ დაზგაზე – ფარდაგი. ქალები დღესაც დახელოვნებულნი არიან ქსოვასა და ნაბდისა და თექის თელვაში.
მამაკაცები ამზადებენ ოჯახებისათვის საჭირო ავეჯსა და ჭურჭელს. თუშური ავეჯის ორნამეტში ფიგურირებს ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო–დახრილგვერდებიანი ფოთლოვანი ჯვარი.
თუშურ სასიმღერო მელოდიებში ჭარბობს მინორული ტონალობა. განსხვავებით სასიმღერო მელოდიებისაგან, თუშური საცეკვაო მელოდია და ქორეოგრაფია – მაჟორული ჟღერადობითა და გამომსახველობით ხასიათდება.
სალამური, ტრადიციული მწყემსური მუსიკალური ინსტრუმენტი, და ქართული ფანდური მე-19 საუკუნეში შემოსულმა გარმონმა შეავიწროვა. ქალებმა გარმონის მუსიკალურ შესაძლებლობებს ვირტუოზულად შეუთავსეს თუშური მელოდიები და ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.