ირაკლი ალასანია მომხრეებს  15:00 საათზე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ალასანია მომხრეებს 15:00 საათზე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს

კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მომხრეებს დღეს, 15:00 საათზე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ  ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ალასანიას განცხადებით, 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა და ზუგდიდმა მხარი თავისუფლებას, სამართლიანობას და რეალურ ცვლილებებს დაუჭირა.

"დამარცხება აღიარა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ახალაიების კლანი არ ეგუება დამარცხებას და უტიფრად არ აღიარებს მარცხს. ახალაიების კლანმა ზუგდიდში უხეშად გააყალბა არჩევნები და ცდილობდა ჩვენი მომხრეების გამოწვევით ჩაეშალა საარჩევნო პროცესი. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად "ქართული ოცნების" მხრდამჭერები და აქტივისტები საარჩევნო უბნებს მაქსიმალურად განვარიდე. როლანდ ახალაიამ ამას "კარუსელებით" და გაუგონარი ფალსიფიკაციით უპასუხა.

ჩვენს მომხრეებს დღესაც ემუქრებიან და თავს ესხმიან. ამ დანაშაულის ჩამდენი და დამკვეთი ყველა პირი პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ზუგდიდში პოლიტიკური კრიმინალი აუცილებლად დასრულდება. კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საქართველოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაში იქნებოდა. ეს დაპირება შესრულებულია. მე დავპირდი ზუგდიდს, რომ ახლაების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ.

დღეს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ჩვენს სარჩელს განიხილავს. წარდგენილი მასალა სრულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. 15:00 საათზე ვიკრიბებით საოლქო საარჩევნო კომისიასთან, რათა კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ზუგდიდი ირჩევს თავისუფლებას, სამართლიანობას და ზუგდიდი უარს ეუბნება ახალაიების მოძალადე კლანს", - ნათქვამია განცხადებაში.