დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება

დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება" პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" პრეზიდენტთან დიალოგისთვის მზად არის.

როგორც უსუფაშვილმა დღეს ივანიშვილის ბეზნეს-ცენტრში, კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა კოალიციის წევრებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქმედ მთავრობასთან და საქართველოს პრეზიდენტთან, დიალოგის პროცესს წარუძღვება და აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობას მოქმედი კონსტიტუციაც ითვალისწინებს.

"ქართული ოცნება" შეასრულებს ყველა ვალდებულებას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მთავრობის ფორმირება და გავუძღვეთ ამ ქვეყანას. დღეის მდგომარეობით კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ყველა ინსტიტუტის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა მოქმედ მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, სათანადო გადაწყვეტილებების მიღებამდე, თავიანთი მოვალეობის შესრულება განაგრძონ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის წევრთა ვინაობას, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავენ, მის შემადგენლობაში იქნებიან: დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ალასა1ნია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე არ არის ცნობილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, რადგან მისი თქმით, ამ საკითხებზე, შესათანხმებლად კოალიციას დრო ჯერ კიდევ აქვს.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" პარლამენტში სავარაუდოდ, 9 მანდატს მიიღებს.

მისივე თქმით, კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში, პარლამენტი ქუთაისში შეიკრიბება და პირველი სხდომები იქ გაიმართება.