ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიურმა ჯგუფმა “INXS”-მა მოწვეული ვოკალისტი ჯეისონ დინ ფორჩენი დაითხოვა. საინტერესოა რომ კანადელი მუსიკოსი ამ ჯგუფიდან უკვე მეორედ გაუშვეს. ანალოგიური ფაქტი პირველად 2009 წელს დაფიქსირდა.
ავსტრალიური მას-მედიასათვის უცნობია თუ რა გახდა ფორჩენისათვის კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი. თავად ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში პრეს-კონფერენციას ჩაატარებენ, სადაც კანადელის გაშვების მიზეზებზე ისაუბრებენ, ასევე დაასახელებენ მისი შემცვლელის ვინაობასაც. კულუარული ინფორმაციით ის ეროვნებით ირლანდიელი იქნება.
მომავალ თვეში “INXS”-ის წევრები სტუდიაში უნდა განმარტოვდნენ და ახალ სტუდიურ ალბომზე “Tiny Summer”-ზე მუშაობას შეუდგნენ. ამ დროისათვის მათ ახალი ვოკალისტი უკვე შერჩეული უნდა ჰყავდეთ.
ჯეისონ დინ ფორჩენი ჯგუფში 2005 წელს ჩაირიცხა, როდესაც სპეციალურად ჩატარებულ კონკურსში იმარჯვა.
ავსტრალიური ჯგუფი “INXS” 1977 წლის 16 აგვისტოს ქალაქ სიდნეიში დაარსდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიტარისტი ტიმ ფარისი, მედოლე ჯონ ფარისი, გიტარისტი ენდრიუ ფარისი, ვოკალისტი მაიკლ ჰატჩენსი, საქსოფონისტი და გიტარისტი კირკ პენგოლი და ბას-გიტარისტი გარი ბირსი.
პოპულარობას 1983 წელს მიაღწიეს, როდესაც ალბომი “Shabooh Shoobah” ჩაწერეს. დღეისათვის ჯგუფს 12 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. მათი უკანასკნელი ალბომი “Six Pack” 2008 წლით არის დათარიღებული.
1997 წელს ვოკალისტმა მაიკლ ჰატჩენსმა თავი მოიკლა. მისი სიკვდილის შემდეგ ჯგუფმა რამდენიმე ვოკალისტი შეიცვალა, მაგრამ ჰატჩენსის სრულყოფილ შემცვლელს დღემდე ვერ მიაგნო.