ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის მედოლე როჯერ ტეილორმა ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. მისი სახელწოდებაა “Queen Extravagaza” და ითვალისწინებს ახალგაზრდა ნახევრადპროფესიული მუსიკოსებისაგან ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას. ახლადშექმნილ ჯგუფთან ერთად როჯერ ტეილორი 2012 წლის პირველ ნახევარში მსოფლიო ტურნეში გამგზავრებას აპირებს. კონცერტების დროს შესრულდება ჯგუფის ცნობილი კომპოზიციები და ნაჩვენები იქნება “Queen”-ის შესახებ გადაღებული დღემდე უცნობი ვიდეომასალა.
ახალი ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ტეილორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ცოტა ხნის წინ ლონდონის ერთ-ერთ კლუბში სამოყვარულო ანსამბლის კონცერტს დაესწრო. ახალგაზრდა მუსიკოსებმა “Queen”-ის კომპოზიციები ისეთი ოსტატობით შეასრულეს, რომ როჯერ ტეილორი აღტაცებაში მოიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალი “Rolling Stone”-ს ჟურნალისტი ტეილორს ესაუბრა. მუსიკოსმა განაცხადა, რომ კოლეგა ბრაიან მეისთან და მოწვეულ ვოკალისტ პოლ როჯერსთან ერთად კარიერის გაგრძელებას ურჩევნია ნიჭიერი ახალგაზრდები შეკრიბოს და მათთან ითანამშრომლოს. როჯერმა ისიც აღნიშნა, რომ ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ მისთვის ძალიან მძიმეა “Queen”-ის დანარჩენ წევრებთან ერთად კონცერტების ჩატარება.
როჯერ ტეილორის აზრით, პროექტი “Queen Extravagaza” “Queen”-ის სიმღერებს ახალ სულს შთაბერავს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. ტეილორმა ახალი ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად სპეციალური კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღება
ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე.
თავად მუსიკოსი ამჟამად ძალიან დაკავებულია. ის ჩაფლულია საგასტროლო ტურნესთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, არჩევს კომპოზიციებს მომავალი კონცერტებისათვის, ამზადებს დღემდე უცნობ ვიდეომასალასაც რომელიც ამ კონცერტების დროს იქნება ნაჩვენები.