გოგი თოფაძე: ხარატიშვილს ვაფრთხილებთ, ის ხაშურის საქმეს შეიძლება გადაჰყვეს

გოგი თოფაძე: ხარატიშვილს ვაფრთხილებთ, ის ხაშურის საქმეს შეიძლება გადაჰყვეს

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, ამ წუთას ხაშურში ჯერჯერობით სიმშვიდეა, თუმცა სპეცრაზმების მოძრაობა მაინც შეინიშნება, მაგრამ ხაშურიც და კოალიციაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სიმართლის აღდგენას მიაღწიონ.

„ის, რაც წუხელ ხაშურში მოხდა, ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგია. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გვინახავს, გვინახია ტომრებით გაყალბებული ხმები, მაგრამ უბნებზე სპეცრაზმების შევარდნა, ჰაერში სროლა, ხალხის უბნებზე ჩაკეტვა და შემდეგ ყუთების გატაცება, მართლა არ მინახავს. მაგრამ ხაშურელებმა წუხელ ძალიან დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ხელისუფლებას და მთელ საქართველოს დაანახეს,რომ ისინი სიმართლეს არავის დაუთმობენ და ხმების გაყალბების უფლებას არავის მისცემენ“,-აცხადებს „მრეწველების“  ლიდერი From.ge-სთან საუბარში. 

თოფაძის განცხადებით, მათ ხელთ აქვთ ყველა სხდომის ოქმი, რომელსაც დღეს ცესკო-ს წარუდგნენ.

„მინდა ხარატიშვილი გავაფრთხილო, რომ ის ხაშურის საქმეს გადაჰყვება, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ჩვენ ჩვენი გამარჯვების ყველა დამამტკიცებელი საბუთი ხელში გვაქვს. დღეს ამ ოქმებს ცესკო-ს წარვუდგენთ და იურიდიულად შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ ჩვენი ხმების დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ“,-აცხადებს თოფაძე.